არმაზ ახვლედიანი -“ივანიშვილი აძლიერებს ყველაზე რადიკალური მმართველის, კობახიძის ფრთას….ოპოზიცია კატასტროფული ტემპით სუსტდება….შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რა დღეშია საქართველო”

კობახიძე ჩაიგდებს პარტიასაც, მთავრობასაც – მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, ივანიშვილი საერთოდ ჩაჩოჩდეს – ეს შეიძლება იყოს პირდაპირ რუსული გეგმის ნაწილი, იმიტომ, რომ დღეს მოსკოვს ურჩევნია ჰყავდეს ასეთი სალდაფონი, შემსრულებელი, ცივსისხლიანი კობახიძე, ვიდრე მაინც რაღაც სენტიმენტებით ჯერ კიდევ გაჯერებული ივანიშვილი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის აძლიერებს ყველაზე უფრო რადიკალური მმართველის, ირაკლი კობახიძის ფრთას, ირაკლი ღარიბაშვილის ფრთას კი „აჩოჩებს“.

„რამდენიც არ უნდა გელაპარაკოთ მე თქვენ, რომ სამართლიან გარემოში დაგვინიშნოს [ივანიშვილმა] არჩევნები, ის ამას არ გააკეთებს. თქვენ ხედავთ, რომ ის აძლიერებს ყველაზე უფრო რადიკალური მმართველის, კობახიძის ფრთას და ჯერ სად ვართ. ღარიბაშვილი გადადგება. კობახიძე ჩაიგდებს პარტიასაც, მთავრობასაც. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ივანიშვილი ჩაჩოჩდეს საერთოდ და ეს შეიძლება იყოს პირდაპირ რუსული გეგმის ნაწილი, იმიტომ რომ დღეს მოსკოვს ურჩევნია ჰყავდეს ასეთი სალდაფონი, შემსრულებელი, ცივსისხლიანი კობახიძე, ვიდრე მაინც რაღაც სენტიმენტებით ჯერ კიდევ გაჯერებული ივანიშვილი. მე მგონია, რომ ეს გეგმა მოდის სისრულეში და ივანიშვილის სულაც არ უხარია, რომ გომელაურის და ლილუაშვილის თავებს უთმობს კობახიძეს, მაგრამ როგორც ჩანს, არავისთან ამას არ აღიარებს, მაგრამ რაღაც მომენტში იძულებულია, რომ ეს ნაბიჯები გადადგას, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას დავინახავთ,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის ფლანგის ჩაჩოჩება და კობახიძის ასე გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ძლიერდება.

ახვლედიანი აღნიშნავს, რომ რეჟიმის გაძლიერებას ხელს ოპოზიციის უსუსურობაც უწყობს.

„ფაქტობრივად, 2013 წლის ნოემბრის მიწურულიდან, როდესაც ივანიშვილი პირველად წავიდა პოლიტიკიდან ფორმალურად, უკვე დაიწყო კულუარული ბრძოლა მის ვეზირებს შორის იმ თემაზე, ვინ გახდებოდა „ბიძინა 2“. ეს ბრძოლამ რა თქმა უნდა, ახლა არის ძალიან აქტიურ ფაზაში. ყველა ვადევნებთ თვალს, რომ ჯერჯერობით არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი კობახიძე ახერხებს იმას, რომ ბურთი მის მოედანზეა. ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, ძალოვანი უწყებები ბარდება კობახიძეს. ასეთი რამ ამ რეჟიმის პერიოდში ჩვენ არ გვახსენდება, არც წინა რეჟიმების დროს.

მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა ახლა არის მხოლოდ ფორმალობა. ის ფაქტობრივად, წასული იყო… ერთი სიტყვით, ვხვდებით, რომ კობახიძე უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე. კობახიძემ მოახერხა და ის კონტროლს ახორციელებს თითქმის სრულად, ისეთ უწყებებზე, რაც აქამდე ვერც კი წარმოგვედგინა. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა ერთ-ერთი პოლიციელი. მე მას არც ვიცნობ, არც გვარი გამიგია, მაგრამ გასაგებია რომ აქაც, როგორც ჩანს, დღის წესრიგში დგება, რომ ან გომელაური უნდა წავიდეს, ან ეს პირველი მოადგილე შეიძლება ისეთი გავლენების მქონე გახდეს, რომ ფაქტობრივად, ის იყოს მმართველი.

პირდაპირ გეტყვით, რომ ეს შიდა კულუარული „ბიძინას თამაშები“ ერთ რამეზე მეტყველებს რომ მისი რესურსი ერთი მხრივ, ამოწურულია. მას არ აქვს უნარი, შესაძლებლობა რამე არსებითი განახლებისა. აქ რაც არ უნდა გააკეთოს, ვინც არ უნდა გადააადგილოს, რეჟიმის წუმპეში ყოფნას არაფერი შველის. ამ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს. თუმცა მოდით, თავი არ მოვიტყუოთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს ღარიბაშვილის წასვლა, ლილუაშვილის წასვლა, ანუ ამ ფრანგის ასე ჩაჩოჩება და კობახიძის ასე გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი თავის თავში, ამ ეტაპზე, ძლიერდება და თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ რეჟიმის საპირწონე ვინც უნდა იყოს, ანუ ოპოზიცია კატასტროფული ტემპით სუსტდება, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რა დღეშია დღეს საქართველო, ვის ამარადაა დატოვებული. ეს არის რეალობა, რეჟიმი ძლიერდება იმიტომ რომ ამას აქვს ობიექტური პირობები, მაგრამ ძლიერდება იმიტომაც, რომ ოპოზიცია არის უსუსური,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას დაპირისპირების, ფრონტის ახალი ხაზები და თუ საჭირო იქნება რევოლუცია, ან რამე სხვა, „მოურიდებლად უნდა წავიდეთ ამაზე“.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ საქმე გვაქვს უბოროტეს მმართველობასთან ივანიშვილის სახით და მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ოპოზიციასთან, რომლის ხელშიც გამოსავალი არ არსებობს, ამიტომაც უნდა შევქმნათ დაპირისპირების ახალი ხაზები, ახალი ფრონტის ხაზები, იქნება საჭირო რევოლუცია თუ რამე სხვა, მოურიდებლად უნდა წავიდეთ ამაზე, რის უფლებასაც გვაძლევს ჯერ კიდევ არსებული საქართველოს კონსტიტუცია,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნავს, რომ „დავითაშვილის ვიზიტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ გზავნილი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ჯერ კიდევ აქვთ რაღაც მცირე შანსი, რომ გონს მოეგონ“.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, არსებითი გადატვირთვის გარეშე, ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არავითარი შანსი, რომ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახერხოს.

„როდესაც ჩადის ფორმალურად პირველი ვიცე-პრემიერი და მას ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. ნათქვამი არის ის, რა დონეზე მიღებს საქართველოს მთავრობის მეორე პირს შეერთებული შტატების მთავრობა – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის დონეზე. ეს არის თავისთავად გზავნილი. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდება თუ მოადგილის თანაშემწე მე გეტყვით, რომ ყველა შემთხვევაში გზავნილი დღეს შეერთებული შტატებიდან არის ერთადერთი – დაასრულეთ ეს ანტიდასავლური, ანტიამერიკული საქმიანობა რეგიონში, ქვეყანაში და მოახერხეთ ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ეს არის გზავნილი,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share