თეთრი სახლი: პუტინმა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა, ტრამპს სრული შეწყვეტა სურს

თეთრ სახლში პირველი კომენტარი გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

სპიკერმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ცეცხლის სრული შეწყვეტა სურს.

“დღეს დილით პუტინმა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] მკაფიოდ განაცხადა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტა სურს. პირველ რიგში იმისთვის, რომ შეწყდეს მკვლელობა და სისხლის ღვრა”, – თქვა მან ბრიფინგზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც კრემლი იუწყება, შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.

კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინი უკრაინულ მხარესაც მოუწოდებს, საპასუხოდ ცეცხლი შეაჩეროს.

​იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მიიღოს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, თუ რუსეთი ასევე დაეთანხმება ამ პირობებს. ეს განცხადება გაკეთდა საუდის არაბეთში, ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა განიხილეს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები.

შეგახსენებთ, რომ ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, “შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს მოლაპარაკებებზე და მოაწეროს ხელი შეთანხმებას”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share