რატომ არ იზრდება მინიმალური ხელფასი საქართველოში? – „ამ საკითხს ბიზნესი და მთავრობა არ დააყენებს“

საქართველოში წლებია მინიმალური ხელფასის ზღვარის გაზრდას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ცნობისთვის, ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ედუარდ შევარდნაძის 1999 წლის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 20 ლარს შეადგენს.

მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნით სხვადასხვა დროს არაერთი წინადადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს, თუმცა ამ საკითხზე განხილვა ბოლომდე არ მისულა. მაგალითისთვის, მსგავსი საკანონმდებლო წინადადებით, ბოლოს რამდენიმე დღის წინ, პარლამენტს უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრმა (ICFRP) მიმართა, მანამდე იყო პროფკავშირების გაერთიანება, რომელთა მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა არც დაწყებულა, კიდევ უფრო ადრე, 2019 წელს, მინიმალური ხელფასის გაზრდის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში იმ დროს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დააყენა.

რატომ ვერ ხდება საქართველოში მინიმალური ხელფასის ზრდა და ვის ინტერში არ შედის ამ საკითხის გადაწყვეტა – აღნიშნულ თემაზე  ბექა ნაცვლიშვილი საუბრობს:

როგორც სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ამბობს, „ბიზნესი გაურბის ნებისმიერ რეგულაციას, რადგან ეს მისთვის დამატებითი ხარჯია. ხოლო მთავრობა იდეოლოგიური მომენტიდან გამომდინარე არ უჭერს მხარს“.

ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, პოლიტიკოსები საკითხს უყურებენ იმგვარად, რომ ეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაა, რომელშიც არ უნდა ჩაერიოს, რადგან ეს დააზიანებს ეკონომიკას. თუმცა, როგორც სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ამბობს, ეს არასწორი მიდგომაა.

რატომ არ იზრდება მინიმალური ხელფასი საქართველოში?

„მინიმალური ხელფასის ოდენობის დასადგენად მოდელები სხვადასხვაა და ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრება. მას თავად ქვეყნები ირჩევენ. მაგალითად, მინიმალური ხელფასის განსაზღვრა ხდება დარგობრივ და ცენტრალურ დონეებზე. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება თვითონ დარგობრივი, გამაერთიანებელი ორგანიზაციის (თუ არსებობს ასეთი), პროფკავშირის სიძლიერე.

სამწუხაროდ, ჩვენთან როგორც დარგობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე პროფკავშირები სუსტია. სწორედ მათ უნდა დაიწყონ მოლაპარაკება, (პროტესტის ფონზე, თუ სამმხრივი კომისიის ფორმატში) და დარგები შეთანხმდნენ მინიმალურ ანაზღაურებაზე. შემდეგ უკვე ამის მიხედვით იდება სხვადასხვა მექანიზმი. ამასთან, მინიმალური ხელფასი ყოველთვის უნდა იყოს განახლებადი, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის გათვალისწინებით.

თუმცა, ეს საკითხი რომ დარგობრივ დონეზე განისაზღვროს, ამას თვითონ ბიზნესი და მთავრობა არ დააყენებს. ბიზნესი გაურბის ნებისმიერ რეგულაციას, იმიტომ, რომ ეს მისთვის ხარჯია. ხოლო მთავრობა იდეოლოგიური მომენტიდან გამომდინარე არ უჭერს მხარს. პირადად მაქვს ეს გამოცდილება და ამიტომ ვამბობ. მინიმალური ხელფასის და ასევე საარსებო მინიმუმის განსაზღვრის შესახებ კანონპროექტის ავტორი თავად ვარ. რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაზე დახვეწილი მაინც ის ვარიანტი იყო, რადგან მეცნიერულად გათვლილი და სხვადასხვა უცხოელ ექსპერტთან (ვისაც ამის გამოცდილება აქვს), შეთანხმებით იყო შემუშავებული ეს კანონპროექტი.

ცალსახად ჩანს, ერთი რამ, რომ მთავრობა ამ საკითხს უყურებს, როგორც დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, რომელშიც არ ჩაერევა. თუ დამსაქმებელმა დაბალ ხელფასზე (ხელფასზე, რომელიც არაფერში ეყოფა) დაითანხმა ადამიანი, რომელსაც სხვა შემოსავალი არ აქვს, შენ კი ამას ეთანხმები, ეს არასწორია. სამწუხაროდ, სწორედ ამ ლოგიკით მიდის ხელისუფლება. ამდენი ხნის განმავლობაში, მათ მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი თავად დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გადაწყვიტონ, რადგან სხვა შემთხვევაში ეს გამოიწვევს ბაზარზე ჩარევას, რაც დააზიანებს ეკონომიკას და ა.შ. მაგრამ, ეს არასწორია, რადგან თუ მაღალია მსყიდველობითუნარიანობა, ეს სულ მინიმუმ ადგილობრივ ეკონომიკას ეხმარება,“ – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share