ევროკომისარი არ გამორიცხავს საქართველოსთან სავაჭრო შეთანხმების – DCFTA-ის გადახედვას

EU-ის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას განიხილავს, თუმცა “ფრთხილობს”. მისივე თქმით, განიხილება ვიზალიბერალიზაციის გადახედვაც, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ეს ქართველი მოსახლეობის უმრავლესობას დააზარალებს.

ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორთან რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი, მარტა კოსი ამბობს, რომ “ბევრი შესაძლებლობა არსებობს”, თუმცა ამ ვითარებაში “ძალიან ფრთხილობენ”.

“შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები.

მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს”, – ამბობს ევროკომისარი.

მარტა კომსა სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ EU-მა სცადა სანქციების დაწესება, თუმცა საკითხზე არ იყო ერთსულოვნება, ამის შემდეგ კი, ცალკეულმა ქვეყნებმა ინდივიდუალური სანქციები დააწესეს.

“ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები”, – თქვა ევროკომისარმა.

კითხვაზე, განიხილავენ თუ არა თბილისში ქართული ოცნების მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე, ევროკომისარი ამბობს:

“ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ”, – ამბობს ის.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ განიხილავენ ქართული ოცნების მთავრობასთან სამომავლოდ საუბარს, მარტა კოსი ამბობს:

“დიახ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე. გვქონდა ერთი [დიალოგი] ეკონომიკაზე, ახლა ვიწყებთ მეორე [დიალოგს] მიგრაციაზე და ვნახავთ, [სავაჭრო ხელშეკრულების, ევროკავშირი-თურქეთის] საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ თუ არა. იცით, ბიზნესსაზოგადოებასაც როგორღაც სურს ამის გაკეთება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაახლოებით 240 მილიარდი ევროს მიმოცვლა გვქონდა და ეს საკმაოდ ბევრია”, – ამბობს ევროკომისარი.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვაზე, რომ “საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით მომავალში განვითარდეს”, გაფართოების კომისარი ამბობს, რომ დიალოგი შეიძლება დაიწყოს დაბალი რანგით.

“ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება”, – ამბობს მარტა კოსი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share