პარლამენტის ვებგვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის [სუს] 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. სუს-ის მტკიცებით, 2024 წელს უცხო ქვეყნის სპეც.სამსახურები საქართველოში თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გატარების მიზნით, ცდილობდნენ გამოეყენებინათ საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები.
“მათი მხრიდან გამოვლინდა გაზრდილი ინტერესი და მცდელობები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ან მათთან ასოცირებული პირების ჩასართავად. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, ასევე, გაზრდილი იყო დაფინანსების რაოდენობა.
დაფიქსირდა აღმსარებლობის მიხედვით პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნის და უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული პირების მხარდასაჭერად, რელიგიური ნიშნით, ერთგვარი ელექტორალური ბაზის შექმნის მცდელობები, რაც, ქვეყანაში შექმნილი ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, შესაძლოა მნიშვნელოვან საფრთხედ ქცეულიყო და უკიდურესად დაეზიანებინა ეროვნული უსაფრთხოება”. – წერია ანგარიშში.
სუს-ი ანგარიშში წერს, რომ 2024 წელს მონიტორინგს უწევდა ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს, “სათანადო მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში”, ატარებდა პრევენციულ ღონისძიებებს.
ღონისძიებების სახე და კონკრეტული შედეგი სუს-ის ანგარიშში აღნიშნული არაა.
“საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ მიმართულებით მიმდინარეობდა პროცესების მონიტორინგი. გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პოლიტიკური თუ რელიგიური პირების გამოვლენა და, სათანადო მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესებისთვის არასასურველი პროცესების აღსაკვეთად ტარდებოდა შესაბამისი, მათ შორის პრევენციული, ღონისძიებები” – წერია სუს-ის ანგარიშში.
სუს-ი ანგარიშში ასევე წერს, რომ 2024 წელს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში “ნაციონალისტური და სეპარატისტული განწყობების გაღვივებაში ჩართული ძალების” გამოვლენას განაგრძობდნენ, აკონტროლებდნენ მათ საქმიანობას. სუს-ის მტკიცებით, “დაფიქსირდა მათი საქმიანობის უცხოეთიდან დაფინანსების შემთხვევები”.
სუს-ი ანგარიშში ასევე წერს, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი “სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას” გეგმავდა, რომლის საბოლოო მიზანი “ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო”. შეგახსენებთ, რომ სუს-ს მსგავსი შინაარსის განცხადებები აქამდეც აქვს გავრცელებული, დაწყებული აქვს გამოძიება, თუმცა კონკრეტული შედეგი ცნობილი არ არის.
მაგალითად, 2024 წლის 24 ივლისს, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომ “ტერაქტის მომზადების ფაქტზე” გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინ აცხადებდა, რომ “ივანიშვილის მკვლელობას ამზადებდნენ”.
ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე პირი გამოკითხეს, მათ შორის, უკრაინაში მებრძოლი ქართველები.