ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან, ერთი წლის წინ 15 სექტემბერს ქალაქის შუაგულში ჩემს შვილს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ტერორისტული აქტი მოუწყვეს, ესროლეს მის ნიჭს, წარმატებას, ესროლეს მის სურვილს, მისივე შექმნილი სოციალური მედია პლათფორმით “Feedc”-ი საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე დაეტანა, ასროლინეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა, არქიფო სეთურის შთამომავლებმა, ბერბიჭაშვილებმა, მათ ხომ სექტემბერი კარგად აქვთ დაცდილი, შეუმდგარი, სულგაყიდული ახალგაზრდები ლაჩრულად ზურგიდან მიუშვეს! – ამის შესახებ თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
“ესროლეს მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან იმავე წუთს ნიკოს ტრაგედია ათასობით ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა, იმ ადამიანებისთვისაც კი ვინც ნიკო თავისი საქმით ტრაგედიის მერე გაიცნო, მუხლმოდრეკით მადლობას გიხდით ვინც ჩვენთან ერთად აგერ უკვე ერთი წლის განმავლობაში გლოვობთ ნიკოს. მას შემდეგ ყოველი გათენებული დღე არის ჩემი ოჯახისთვის 15 სექტემბერი, ყოველ დღეს სწორედ ისე მეფლითება მთელი სხეული როგორც ჩემს შვილს დაუფლითეს ქვეყნის მტრებმა!
ბატონო პრემიერო თქვენ პირადად მოგმართავთ და გთხოვთ , ფიქრით ხუთი წუთით განიცადეთ ის ტკივილი როგორი ტკივილითაც ჩვენი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობს, პირადად დაინტერესდით! საქმე მკვლელობიდან მეორე დღესვე ორმა ღირსეულმა მოქალაქემ, ტაქსის მძღოლმა გახსნა, როდესაც მკვლელების მიერ გადაგდებული მობილური ტელეფონი პოლიციაში წარადგინა, არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება, სამწუხაროდ მკვლელობიდან თითქმის ექვსი-რვა თვის მერე დაიკითხნენ ის პირები რომელთა სახელები უშვალოდ ფიგურირებს საქმეში! ბატონო პრემიერო გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან, და მოუწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს წლის თავზე მაინც დაერქვას ყველაფერს და ყველას თავის სახელი, მე ნიკო კვარაცხელიას დედა აუცილებლად ნიკოს სახელით გავაკეთებ ყველაფერს რომ სხვისი შვილები არ აღმოჩნდნენ ჩემი ნიკოს დღეში, მკვლელები, დამკვეთები და თანამზრახველები არიან ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საშიშნი, საშიში თქვენი, ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის, ციხის კედლები კი არის მათთვის გადარჩენის გზა, იქ უკეთ დაფიქრდებიან საკუთარ გაყიდულ სულზე!
ნიკოს ოჯახი ერთი წლის განმავლობაში მოვუწოდებდით სინანულისკენ მკვლელებსაც, დამკვეთსაც და თანამონაწილესაც, საწყევარი და საძრახისი სიტყვაც არ დაგვცდენია და არც ახლა ვაპირებთ, მაგრამ თუ სამართალი ვერ ვპოვე ნიკოს სახელით ყველა ახალგაზრდას ვთხოვ გაერთიანებას, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, ვისაც აღელვებს მისი მომავალი და სამართალს მაინც ვიპოვი!!!
კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონო პრემიერო ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან არ მაქვს ამის სურვილი, მეც თქვენსავით მცირეწლოვანი შვილები მყავს აღსაზრდელი, მომეცით შვილის გლოვის საშუალება!!!
იზა ომაძე
ჩემო წამებით გასულო შვილო ამ ქვეყნიდან, ჩემო ნიკო მადლობა იმ ოცდაორი ძვირფასი წლისთვის, მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის რომელიც ჩვენს ოჯახში შენი მოვლინებით შემოიტანე, და იმ სიძლიერისთვის, რაც შენი იმიერში გადანაცვლებით დაგვიტოვე, ბერი პაისი ამბობს, ნაადრევად ზეცაში გასული შვილები, ღირსეულ მშობლებს სამოთხის კართან რიპიდებით ხვდებიანო უკვე წარმომიდგენია ის დღეც❤️
ისე დედებო თუ ციხეში მყოფი შვილები გენატრებათ სანუგეშოთ ნიკოს საფლავზე გელით🙏❤️
“ვფიქრობ, ფიქრში ვიძირები,
ვეღარ ვუძლებ ტკივილებს,
სიზმარში ვარ,
თავს ვიტყუებ, მერე ისევ ვიღვიძებ.
მელანდება? კლავს გველეშაპს,
აგერ თავიც გაგორდა,
ხოდა სანამ აქოთდება,
გამოვფხიზლდეთ რა მოხდა!”
შენი დედა” – წერს იზა ომაძე facebook-ში.
2022 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებ გუგა და დათა კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
ნიკო კვარაცხელიას დედამ ძმებ კაკულიებზე 2022 წლის 30 მაისს “ფეისბუქში” დაწერა: დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები