სოფელ ლატალში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი დაკარგული ორი ახალგაზრდის სამაშველო ღონისძიებაში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვას ითხოვენ.
ერთ-ერთი დაკარგულის გიორგი ფარჯიანის ახლობელი, ანა წერედიანი „რეაქციაში“ ამბობს, რომ ოჯახი დახმარებას ითხოვს.
”ახლა, როგორც გავიგე, გადაიკეტა გზა სოფელ ლატალში, საიდანაც არიან ახალგაზრდები, მათი მოთხოვნა არის, რომ ჩაერთოს ვერტმფრენი, სითბური დრონები. პური და თხილი აქვთ წაღებული და მეექვსე დღეა, რომ დაკარგულები არიან, საერთოდ კვალს ვერ პოულობენ. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ არ შეწყდეს ღამე ძებნა, სითბური, ღამის დრონებით დაიწყოს ძიება და ხვალ დილიდან განახლდეს უფრო მასშტაბური ძიება და მათ შორის გამოყენებული იქნეს სამაშველო ვერტმფრენები,“ – ამბობს ანა წერედიანი.
ანა წერედიანის თქმით, დაკარგულები ბოლოს კონტაქტზე 23 ივლისს გამოვიდნენ, მას შემდეგ კი კონტაქტი წყდება.
”ბოლო კონტაქტი გვქონდა 23-ში, სადაც მოიწერეს, რომ გზა აერიათ, ახლა გამოაგნეს და სავარაუდოდ, მალე ვიქნებითო და ამის შემდეგ ჩვენ მათთან კონტაქტი არ გვქონია. 24-ში საღამოს დაიწყო სამძებრო სამუშაოები, თუმცა არ იყო ფაქტი სახეზეა, იმ მასშტაბის, რაც ამ ტერიტორიას სჭირდება. დღეს დილიდან უფრო მასშტაბური სამუშაოები დაუწყო, თუმცა არ გამოყენებულა ვერტმფრენები, იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორია, ლანდშაფტი და მოცემულობაა ისეთი, რომ ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ზედა სივრციდან დანახვა.
არ ვარ პროფესიონალი ამ თემაში, მაგრამ სვანეთში მთელი დღის განმავლობაში იყო მზე, ჩემი ძმაც საძებრად არის იმ მთაზე და როდესაც დავუკავშირდი, მითხრა, რომ იმ მთის ტერიტორიაზე არ იყო ბინდი, თუ ვიტყვით, რომ მთის მეორე ნახევარში იყო ბინდი, არაპროფესიონალურად კითხვა მიჩნდება, რა დროს არის საჭირო ვერტმფრენები, როცა სადღაც ბინდია, წარღვნაა, როცა რაღაც გჭირს. მე რომ აქ კარგად ვარ, ვერტმფრენი არ მჭირდება, სამაშველო ვერტმფრენი მჭირდება სამაშველო სიტუაციაში, თუ მზეში ვერ უნდა დაიძრას სამაშველო ვერტმფრენი, მაშინ როდის უნდა დაიძრას, თუ წვიმაში, წყალდიდობაში არ დამეხმარა,” – ამბობს წერედიანი.