Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდის წინადადებები შეიმუშავეს

Bloomberg-ის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდის წინადადებები შეიმუშავეს. გამოცემა ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასასრულებლად. უცნობია, თუ რას გულისხმობს ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული წინადადებები.

გუშინ, 1 მაისს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეიდი ვენსმა  თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე არ დასრულდება. ამის შესახებ ვენსმა Fox-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ის [ომი] არსად არ მიდის და მალე არ დასრულდება. კი, უკრაინელები გაბრაზებულები არიან, რომ რუსეთი მათ ტერიტორიაზე შეიჭრა, მაგრამ უნდა გაგრძელდეს ათასობით ჯარისკაცის სიკვდილი რამდენიმე მილი ტერიტორიის გამო?” – ამბობს ვენსი.

ვენსი ასევე შეეხო აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე გაფორმებულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა, ომის ბოლომდე დასრულება მხოლოდ უკრაინელებს და რუსებს შეუძლიათ.

“მე ოპტიმისტურად ვარ, მაგრამ რთულია თავდაჯერებით თქმა, რადგან რუსებმა და უკრაინელებმა უნდა გადადგან საბოლოო ნაბიჯები. ჩვენ მათ დავაწყებინეთ საუბარი, მშვიდობის შეთავაზებები წარვადგენინეთ, დავასრულეთ მინერალების შეთანხმება, ვფიქრობ, იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მათ უნდა თქვან, რომ აღარ უნდათ, ათასობით ახალგაზრდა ადამიანი კვდებოდეს”– თქვა ვენსმა.

30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.

მანამდე, 26 აპრილს ტრამპი და ზელენსკი რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ და რუსეთ-უკრაინის ომის დამასრულებელი სამშვიდობო გეგმა განიხილეს.

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩეუნგმა შეხვედრა “ძალიან კონსტრუქციულად” მოიხსენია, ხოლო ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან “კარგი შეხვედრა” ჰქონდა – პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შეძლეს.

პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის, ტრამპთან ერთად, არგენტინის, გაერთანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, უკრაინის ლიდერებიც ესწრებიან.

მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უკრავენ ტაშს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს მოედანზე შეკრებილი ადამიანები.

ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობას წინ უძღვის აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე კრემლში გამართული შეხვედრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share