ჰქონდა თუ არა მამია V გურიელს „ტყვეობაში ყოფნის შეგრძნება“ და ითხოვდა თუ არა შველას ოსმალებისგან
.
გურიის უკანასკნელი მთავარი მამია გურიელი 1826 წელს ძალიან ახალგაზრდა 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, ახლა ძნელია იმის თქმა რამ გამოიწვია ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე მამიას ჯერ დაავადება და მერე გარდაცვალება, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამით ძლიან მალევე ისარგებლეს რუსებმა და გურიის სამთავრო გააუქმეს.
.
მიუხედავად იმისა, რომ მამია ყველანაირად ცდილობდა ეთანამშრომლა რუსებთან, როგორც ჩანს რუსები არც მას და არც მის გარმოცვას არ ენდობოდნენ. ზოგადად მამიასა და რუსებს შორის არსებული ურთიერთობაზე წარმოდგენისათვის საინტერესოა შემდეგი ორი ფაქტი:
.
1. მამია გურიელმა 1810 წელს 19 ივნისს წერილით და მასში მითითებული პირობებით რუსეთის მფარველობაში შესვლა ითხოვა. წერილი და პირობები გენერალ ტორმასოვს მოსწონებია, თუმცა დამატებით კიდევ სამი პირობებაც წაუყენებია მამიასათის, მათ შორის მოთხოვნებში იყო ოსმალებთან ყველანაირი კავშირის შეწყვეტაც. კერძოდ ტორმასოვი ითხოვდა:
.
„მესამე ის, რომ თქვენ არ გექნებათ ნება დღეისდღიდან რაიმე კავშირი იქონიოთ თქვენს მეზობელ ხალხთან, არ გექნებათ ნება მიიღოთ და გახსნათ არც მცირე და არც დიდმნიშვნელოვანი მოწერილობანი. ეს მოწერილობანი თუ კი იქნებიან თქვენს მიერ მიღებულნი, ვალდებულნი იქნებით გადასცეთ ან იმერეთის დროებით მმართველს, ან იმ ობერ-აფიცერს, რომელიც პირადად იქნება და ან მე პირადათ. ამ მუხლების შესრულებას, როგორც ყველა რუსეთის ქვეშევრდომნი, ისე თქვენ ახლავე შეუდგებით, რის შესახებაც ამასთანავე ეგზავნება მოწერილობა გენ. სვიმონოვიჩს“. (1)
.
2. მიუხედავად რუსებისათვის მიცემული პირობისა, როგორც ჩანს მამიას ოსმალებთან კავშირი არ გაუწყვეტია. კერძოდ 1814 წელს ოსმალებს მამია გურიელისათვის მფარველობა და საქართველოს ხანის ტიტული შეუთავაზებიათ თუ კი ის ოსმალებს დაეხმარებოდა რუსებთან ბრძოლაში, გთავაზობთ ერთერთი ოსმალური დოკუმენტის ტექსტს:
.
“ოსმალეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოს ხანის წოდების გურიის მთავრის, მამიასათვის შეთავაზებისა და რადგან მას მოსკოველების საქართველოში ყოფნის გამო ტყვეობაში ყოფნის შეგრძნება აქვს, ამიტომ ამ წინადადებაზე უარის თქმის შესახებ.
.
გურიელთან გაგზავნილი ხანის ხალხის მიერ მოტანილი პასუხი ასეთია:
.
თუ კი მიშველით და მოსკოველებს საქართველოდან უკუაგდებთ და გაიყვანთ, მისი უდიდებულესობა ჩვენი ფადიშაჰის ერთდული ვიქნები. მოსკოველების გაუსვლელობის შემთხვევაში თქვენს ვერც ერთ შემოთავაზებაზე სიტყვასაც ვერ დავსძრავ და ოსმალეთის სახელმწიფოს სამსახურში ვერ ვიქნები. ასეთ ვითარებაში დიად სახელმწიფოს ვერ ვემსახურები.” (2)
.
– (1) თეოფილე ხუსკივაძე – გურიის მთავარი მამია V ისტორიული ამბავი (ვუძღვნი კნ. ელეონორა გურიელისას) 1902 წელი;
– (2) Osmanlı arşiv belgelerinde Gürcistan ve Gürcüler (საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმეტებში);
– ილუსტრაცია ოზურგეთი 1830; დიუბუა დე მონპერე – (Frédéric Dubois de Montpéreux – Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée – Atlas)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა