მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა ორკესტრირებულია – მწარიაშვილი

“წინა სასამართლო პროცესის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა ორკესტრირებულია” – ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის უფლებადამცველმა, მაია მწარიაშვილმა  განაცხადა.

მწარიაშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ოთხ კედელში გამომწყვდეული ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი “უკანონობის კასკადის” გათეთრებას ცდილობს – “ერთ უკანონობას შემდეგით ათეთრებენ, მაგრამ ის შემდეგი წინას ააშკარავებს”.

”მზია ამაღლობელის წინა სასამართლო პროცესის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სისტემა ორკესტრირებულია მზიას წინააღმდეგ… რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვამხელთ, ვააშკარავებთ, მოგვდევენ ფეხდაფეხ, რომ თავები დამარხონ, მაგრამ გარწმუნებთ, არ გამოვა. მე ჯერ არ მინახავს ჩემს პრაქტიკაში არცერთი საქმე ისე შეთითხნილი, ისე შეკერილი, სადაც კვალს ვერ პოულობ. მზია ამაღლობელის საქმეში ზედაპირზე დევს მის წინააღმდეგ ჩადენილი საპოლიციო უკანონობის კასკადი. ერთ უკანონობას შემდეგით ათეთრებენ, მაგრამ ის შემდეგი წინას ააშკარავებს. ჩვენი ამოცანაა, ვამხილოთ, ვამხილოთ, ვამხილოთ და გვისმინონ. მე არ ველოდები, რომ მოსამართლე ამ საქმეზე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწერს განაჩენს, ამ საქმეზე მოსამართლე საკუთარი თავის წინააღმდეგ დაწერს განაჩენს”. – განაცხადა მაია მწარიაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share