პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილმა წინააღმდეგობის პლატფორმამ საერთაშორისო მეგობართა ჯგუფთან – ევროპარლამენტარებთან, ევროპის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლებთან, აშშ-ს კონგრესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან დისტანციური შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საერთაშორისო მეგობართა ჯგუფს გააცნეს წინააღმდეგობის პლატფორმის მიზნები და გეგმები, ასევე, მოიწვიეს ისინი 26 მაისს, რათა ქართველ ხალხთან ერთად გამოხატონ სოლიდარობა. გარდა ამისა, პარტნიორებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
“ამ წუთებში დავასრულეთ დისტანციური შეხვედრა წინააღმდეგობის პლატფორმის და ჩვენი მეგობრების, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს მეგობართა ჯგუფში. მათ წარვუდგინეთ ეს ახალი პლატფორმა, მისი მიზნები, მისი მოქმედების და მუშაობის მთავარი წესები და ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა, თუნდაც საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ მათთან კავშირზე იქნება და ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპები. ის, რომ ეს დაფუძნებულია ქართულ ქარტიაზე და ჩვენი ერთობლივი პირველი მიზანი – ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება. […]
ეს პლატფორმა უკვე სხვებთან ერთადაც მუშაობს. პროტესტის მონაწილეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს და ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები 26 მაისზე, რომ ქართველ ხალთან ერთად თვითონ გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა.
ასევე აღვწერეთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რაზეც თვითონაც კარგად არიან გათვითცნობიერებულები, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებები რაც მიღებულიო იქნა, თუნდაც მედიის შესახებ ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ქართული ოცნება ასაღებს, რომ თითქოს ბრიტანულ კანონმდებლობასთან არის მიახლოებული, ეს ყველაფერი არის მათი ჩვეულებრივი ფორმა, რითაც ასაღებენ რუსულ კანონებს, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას სჭირდება მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.