“სოლიდარობა მზია ამაღლობელს” – ამ წუთებში ჟურნალისტები რუსთავლის ქალთა კოლონიასთან იკრიბებიან, სადაც “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში იმყოფება.
ადგილზე მისული მზია ამაღლობელის კოლეგები ამ ფორმით რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს დაბადების დღეს ულოცავენ.
“თავისუფლება მზიას” – ამ შინაარსის ტრანსპარანტები აქვთ ჟურნალისტებს ადგილზე გაშლილი. ასევე მათ რუსთავის კალთა კოლონიასთან ხმის გამაძლიერებლებიც აქვთ მიტანილი და მზია ამაღლობელისთვის ხმის მიწვდენას ეცდებიან.
”ვულოცავთ მზიას 50 წლის იუბილეს. სამწუხაროა და გვტკივა, რომ ის ციხეში ხვდება, მაგრამ ის ციხეში იბრძვის ყველასთვის, ყველა თავისუფალი მოქალაქისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამიტომ როგორც შეგვეძლება მზიას ისე გავამხნევეთ. მივდივართ, რომ მას დაბადების დღე მივულოცოთ. ჩვენ ვთქვით და პირობაც დავდეთ, რომ ვიდრე მზია არ იქნება თავისუფალი, იქამდე მედია არ იქნება თავისუფალი. ვითხოვთ მზიას თავისუფლებას”, – ამბობს გელა მთივლიშვილი.
”დღეს ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ. აი ესე ვიბრძვით ადამიანები მზიასთვის. დაბადების დღეს მივულოცავ მზიას, მხნეობას ვუსურვებ. მინდა იყოს ძალიან მხნედ და მინდა იცოდეს, რომ ციხეში და ციხის გარეთ უამრავი ადამიანი იბრძვის მისი თავისუფლებისთვის. სირცხვილი იმ სამარცხვინო პოლიციელ დგებუაძეს. რისთვის გიყენებთ ბატონო დგებუაძე ბიძინა ივანიშვილი თუ გიფიქრიათ ამაზე. რას აკეთებთ და რაზე აწერთ ხელს”, – ამბობს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.