„ალტერნატიულ სატრანზიტო მარშრუტებს გამუდმებით ეძებენ ქვეყნები, რადგან ყველანაირი ინვესტიცია ერთ წერტილში არ ჩადონ. ზუსტად იგივე მცდელობაა ახლა ზანგეზურის დერეფანთან მიმართებაშიც“, – ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ალავიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
წლებია საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყანას, მეტი ტვირთის მომსახურებაში და გაზრდის მის როლს ჩინეთისა და ევროკავშირის ბაზრების დაკავშირებადობის კუთხით. თუმცა, ზანგეზურის დერეფნის განვითარების შემთხვევაში, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო ტვირთების ნაწილს დაკარგავს.
შექმნილ ვითარებაში ანაკლიის პორტის დროული განვითარება კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მატარებელია. როგორც ალავიძე აღნიშნავს, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ საუბრები უსასრულოდ გაგრძელდა, პარალელურად კი საერთაშორისო დონეზე შეილახა ქვეყნის რეპუტაცია, შესაძლოა, ოდესმე კარგი პორტი ავაშენოთ, თუმცა, საქართველოსთან ურთიერთობის დაჭერის სურვილი ნაკლებად ჰქონდეთ მხარეებს.
„ყველაფერი არის დროში გაწერილი და აქვს თავისი დროის ღირებულება, ეს ღირებულება შემდეგ იზრდება ან მცირდება, რაც ბუნებრივი პროცესია. ჩვენ თუ უგზო-უკვლოდ და უსასრულოდ გავაგრძელეთ სპეკულაციები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მართლა ისე არ მოხდეს, რომ დავრჩეთ ჰაერში. თუ ამ პორტის მშენებლობის ვითომ დაგეგმარებას დეკადები გაგრძელდება, ვისპეკულირებთ სიტყვებით და პარტნიორებსაც გავანაწყენოთ, საბოლოოდ, დავკარგავთ საქმიან რეპუტაციას. შეიძლება ოდესმე გვქონდეს ძალიან მაგარი პორტი, მაგრამ ჩვენი საქმიანი რეპუტაცია იმდენად შელახული იქნება, თუნდაც იმ პირობებში რაც ახლაა, რომ ჩვენთან საქმეს არავინ დაიჭერს.
ალტერნატიულ მარშრუტებს გამუდმებით ეძებენ ქვეყნები, რადგან ყველანაირი ინვესტიცია ერთ წერტილი არ ჩადონ. ზუსტად იგივე მცდელობაა ახლა, მხოლოდ ჩვენი გავლით ხდებოდა ტვირთების გატანა, მიუხედავად იმისა, ვიქცეოდით თუ არა კარგად – ზანგეზურის დერეფანი ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა იქნება. საბოლოო მომხმარებელი ევროკავშირია და ევროკავშირმა თავისი ინტერესი უნდა დაინახოს. ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის ევროკავშირის მეგობარი ჩვენს სამეზობლოში და ვინ არის ღია მტერი. თუ ღიად გადაწყვიტა საქართველომ, რომ ემეგობრება ბოროტების იმპერიას, ევროკავშირისა და კაცობრიობის მტერ რუსეთს, რატომ დაიჭერს ჩვენთან საქმეს ევროკავშირი? ამ პირობებში ევროკავშირი არც სავაჭრო ტრანზაქციებში ეცდება ჩართვას და არც შესაძლო დაფინანსების ნაწილში იქნება აქტიური მონაწილე“, – აღნიშნავს ალავიძე.
როგორც მანვე აღნიშნა, ადრე თუ გვიან ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, პროცესებში როგორ იქნება ჩართული საქართველო. ალავიძე ამბობს, რომ ქვეყნის შიდა და საგარეო დონეზე არსებული გამოწვევების ფონზე, არსებობს რისკი, რომ ქვეყანა დარჩება მოლაპარაკების მაგიდის მიღმა.
„თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესი რეგიონში ძალიან არის გაზრდილი, ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მათ აქვთ დაპირისპირება სხვა უფრო ძლიერ ქვეყნებთან, მაგრამ ადრე თუ გვიან თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმებას მიაღწევენ, მთავარია ჩვენ სად ვიქნებით ამ დროს. საქართველომ რომ ამ ტრიოსთან ერთად თავისთვის სასარგებლო პოზიცია დაიკავოს, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს ძალიან ძლიერი პარტნიორობა დასავლეთიდან, რაც ახლა არ გვაქვს. აქამდე თუ ვიყავით რეგიონში პოლიტიკურად და ეკონომიკურად კარგად წარმოდგენილი, ახლა აღარ ვართ. აქედან გამომდინარე, გაზრდილია რისკები, რომ დავრჩეთ მოლაპარაკების მაგიდის გარეთ.
თუ ჩვენ ჩამოუყალიბებლები ვიქნებით და არ ვიმუშავებთ ისეთ პარტნიორებთან როგორიც არის ევროკავშირი, ეს დააზიანებს ჩვენს ინტერესებს. რადგან მეორე მხარეს ავტოკრატიული ქვეყნები არიან წარმოდგენილი, რომელთანაც უფრო ძალისმიერი პრინციპებია საჭირო, რისი ძალაც ჩვენ არ გვაქვს. „დიფსთეითს“ და „გლობალური ომის პარტიას“ მარტო კი ვამარცხებთ, მაგრამ უფრო ხილულ საფრთხეებთან გაგვიჭირდება მსგავსი სადღეგრძელოებით გამკლავება“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ნიკოლოზ ალავიძემ.