პრორუსული მაფიის მეთაურ ივანიშვილს ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France ჯერ კიდევ რატომ პარტნიორობს ავიახაზთან, რომელიც ოპონენტის მოტაცებაშია თანამონაწილე? – ეს კითხვები ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუს მსვლელობის დროს დასვა.
გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოში ვითარება დღითიდღე უფრო უარესდება და ბელარუსში არსებულ მდგომარეობას ემსგავსება. სწორედ ამიტომ, ნატალი ლუაზო ფიქრობს, რომ საჭიროა უვიზო მიმოსვლის “შეზღუდვა” და ყველა იმ პირის მიმართ სანქციების დაკისრება, რომლებიც “უსაზღვრო რეპრესიებზე” არიან პასუხისმგებლები.
”საქართველოში სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ეს ტყვიისებრი საფარია, რომელიც ხელახლა სტალინიზაციის პროცესში მყოფ ქვეყანას მოეფინა. ვინაიდან სხვაგან ვიყურებით. ვინაიდან ჩვენი მზერა ისრაელსა და ირანზეა მიპყრობილი – ამის გაგება შეგვიძლია – პუტინი თავის პაიკებს სადაც კი შეუძლია ყველგან წინ წევს და ამას აკეთებს საქართველოში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, პოლიტპატიმრები ჰყავთ, ან საზღვარგარეთ უშვებენ და ძალით საქართველოში აბრუნებენ. მედიას აჩუმებენ. ვითარება სულ უფრო ჰგავს ბელარუსს, სრულიად პროევროპული მოსახლეობით, რომელსაც პრორუსული მაფია მართავს.
ევროკავშირს აქამდე საკმარისი არ გაუკეთებია და ეს სულ უფრო რთული ხდება. ევროკავშირი პასიური იყო საქართველოში ვითარებასთან დაკავშირებით, რაც მე, როგორც არჩევნების დამკვირვებელმა, დავინახე, რომ მასობრივად გაყალბებული იყო. დღეს რაც უნდა ვქნათ – უნდა შევზღუდოთ ვიზები და სანქციები დავუწესოთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ უსაზღვრო რეპრესიებზე. ჩვენ, ფრანგმა ხალხმა, საკუთარ თავს სწორი კითხვები უნდა დავუსვათ. ბიძინა ივანიშვილს, ამ პრორუსული მაფიის მეთაურს, ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France ჯერ კიდევ რატომ არის პარტნიორობაში ავიახაზთან, რომელიც თანამონაწილეა ოპონენტის მოტაცებაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არიდებს თავს და რომელმაც მოსკოვში ფრენების რაოდენობა გაზარდა? მოდით შევწყვიტოთ იმის თქვა, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს სიმართლე არ არის,” – განაცხადა ლუაზომ.