10 წელი და პლუს 200 ათასი ადამიანი – საქსტატმა მოსახლეობა აღწერა და ამტკიცებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა 3 მლნ 914 ათასია. როგორ და რის ხარჯზე მიიღო ქვეყნის მთავარმა მთვლელმა ეს რიცხვი? ეკონომისტები სათითაოდ მიყვებიან მონაცემებს, მაგრამ მაინც არ ესმით ასეთი მატება მოსახლეობაში. მაშინ, როცა მაგალითად 2014 წლიდან 2023 წლამდე ემიგრაციაში 815 ათასი ადამიანი წავიდა და უკან 265 ათასი აღარ დაბრუნებულა. ემიგრაციის ტემპი 2024 წელსაც არ შეცვლილა.
კითხვები კიდევ უფრო მრავლად ჩნდება, თუ სიკვდილიანობის და შობადობის მონაცემებს შევხედავთ. ბოლო ათ წელში საქართველოში დაახლოებით 20 ათასი ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ანუ, აქაც კლება უნდა გვქონდეს. მაშინ საიდან მიიღო საქსტატმა გაზრდილი მოსახლეობა? აღმოჩნდა, რომ აქ უცხოეთის მოქალაქეები, ანუ ტურისტებიც ჩათვალეს, მათი საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობის მიუხედავად.
საქსტატი ამტკიცებს, რომ მოსახლეობას საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლის, ისევე როგორც 10 წლის წინ. თუ ამ მონაცემებს დავუჯერებთ, გამოდის, რომ მოსახლეობა უცხოელების ხარჯზე იზრდება და 2024 წელს ტურისტების რიცხვი ასი ათასობით გაიზარდა. სახელმწიფო მთვლელი ჯერ არ ავრცელებს დაზუსტებულ მონაცემებს, 3 მლნ 900 ათასი ადამიანიდან რამდენია უცხოელი. ოპოზიციისთვის ეს რიცხვები “ქართული ოცნებისთვის” სასარგებლო მანიპულაციას ნიშნავს.