ხოშტარიას თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე შეთანხმდნება, შიმშილობას შეწყვეტს

კოალიცია ცვლილების ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე შეთანმდებიან, ის შეწყვეტს შიმშილობას. ამის შესახებ ხოშტარია პალიტრანიუსის ეთერში საუბრობს. გადაცემა პოლიტ-ქალაქის სრული ვერსია ეთერში 29 ივნისს, 20:00 საათზე გავა.

ჟურნალისტი ხოშტარიას ეკითხება, “შეწყვეტს თუ არა შიმშილს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის რომ არ მიდის არჩევნებზე?”, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა: “კი”. ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნების სურვილია, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“დღეს პირველი ნიშნებია იმისა, რომ მათ [ქართული ოცნება] შიგნითაც ეს რყევები არის ძალიან ხელშესახები. ეს ჯერ არ არის მათი ჩამოშლა, მაგრამ ეს რყევები ნამდვილად არსებობს” – ამბობს ხოშტარია.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო – ამის შესახებ პოლიტიკოსმა პარლამენტის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.

“ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა გამოვაცხადო ახალი ფორმა ჩემი ბრძოლის. ეს ფორმა არ არის ან ემოციური, ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა.

მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, უბრალოდ სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლისა და თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი ქართული ოცნებისთვის” – თქვა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ხელისუფლების დამხობა არის ერთადერთი გზა.

“მეორე განაცხადი არის ხალხისთვის – რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. მე ვარ მზად თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ” – ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია კოალიციის ერთადერთი ლიდერია, ვინც ამჟამად თავისუფალია. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო საპატიმროში არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights