საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 25 ნოემბერს გასამართ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასა და 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის შემოსვლას შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი “ტვ პირველის” ეთერში პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას “ფარსს” უწოდებს და ასახელებს ორ ნაბიჯს, რომლითაც მოცემული პოლიტიკური პროცესის ჩაშლაა შესაძლებელი.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ხელისუფლების ოპონენტებმა “ქართულ ოცნებას” ზურგი უნდა აქციონ და ამის პარალელურად, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ქუჩაში გამოსვლით ივანიშვილის გუნდს “ხელისუფლების მიტაცების რიტუალური გადაბარების” შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.
”მე წარმოვადგენ ფლანგს, რომელიც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა, ამომრჩევლის უმრავლესობას. უმრავლესობას ადამიანებისა, რომლებმაც აირჩია ხელისუფლება და მათ ამის უფლება წაართვეს მოსკოვის სპეცოპერაციის შედეგად. 25 სიმბოლურია, 25 თებერვალი იყო მაშინ, როდესაც საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის გაფორმება მოხდა. მინდა ვთქვა, რომ აქ რამდენიმე პოლიტიკური მიზანია. პირველი, არცერთი ოპოზიციური ძალა არ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ზურგი შეაქციოს ამ ტყუილს და “ოცნება” მარტო დატოვოს.
ამას მოყვება მეორე პოლიტიკური მიზანი, რომ ადამიანთა დაჯგუფება, რომელიც იბრალებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მმართვის მანდატი მისცა, არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ სხდომა ჩაატარონ. ეს უნდა განხორციელდეს მასობრივი, ძალიან დიდი შეკრებით ადამიანებისა, რომლებიც არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ფარსი და ხელისუფლების მიტაცების რიტუალური გადაბარება”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი..