უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები შენიშნა.
“მე შემიძლია დავადასტურო, რომ რადიო სიგნალების გადაჭერების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეული დანაყოფები ხარკოვის ოლქში შენიშნეს”. – განაცხადა ხარკოვში უკრაინის სამხედრო დანაყოფების სპიკერმა იევჰენ რომანოვმა CNN-თან საუბრისას.
მანამდე, ვრცელდებოდა დადასტურებული ცნობები, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა დაიწყო.
5 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს.
თუმცა, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ორი დღის შემდეგ აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, “ძალიან სერიოზული” იქნება, თუკი ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში რუსების გვერდით საბრძოლველად ემზადებიან.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია.