ვინ, ვის და რატომ ასამართლებს? – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

სააკაშვილი რომ “უცოდველი ანგელოზი” არ არის ყველასთვის ნათელია და ისიც აშკარაა, რომ ამ ქვეყანაში, პირველი პირის მოთხოვნით თანხების გახარჯვა გამჭვირვალეობის გერმანული თუ ჰოლანდიური სტანდარტებით არ ხდებოდა. იყო შეცდომებიც და გადაცდომებიც, არამიზნობრივი ხარჯებიც და საერთოდ, არც იმაზე დავობს ვინმე, რომ პრეზიდენტები სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვას ბევრად უფრო ფრთხილად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ. ისიც ეჭვგარეშეა, რომ დასავლურ დემოკრატიებში სახელმწიფოს პირველი პირის მხრიდან გადასახადის გადამხდელის ფულისადმი მსგავსი დამოკიდებულება მყისვე გახდებოდა საზოგადოების ყურადღების საგანი და აუცილებლად გამოიწვევდა გარდაუვალ პოლიტიკურ და შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. თუმცა, დროებით თუ მიწაზე დავეშვებით და ქართულ რეალობას დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ მთავარი აქ მაინც კონტექსტია – ანუ ის, თუ ვინ, ვის და რატომ ასამართლებს:

“ვინ ასამართლებს?” კითხვაზე პასუხი რეალობის შეხსენებით უნდა დავიწყოთ: ბრალეულობაზე ვერდიქტი უნდა გამოსცეს ქართულმა სასამართლომ, რომელსაც უნდობლობას უცხადებს ყველა პოლიტიკური მოთამაშე, პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით გამორჩეული არასამთავრობო სექტორი მთლიანად და ვაშინგტონი და ბრიუსელი, რომელსაც ქართული სასამართლოს მდგომარეობა ქვეყნის დემოკრატიზაციის მთავარ პრობლემად მიაჩნიათ.

“ვის ასამართლებენ?” – ისჯება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმები გაატარა; კორუფცია დაამარცხა; სახელმწიფო ინსტიტუტები ქმედუნარიანი გახადა; საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი გააათმაგა; და შესაძლოა არასწორადაც დახარჯა ქვეყნისთვის მოტანილი ფინანსური სარგებლის ძალიან მცირე ნაწილი. მსაჯული კი არის მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც ვერც რეფორმები გაატარა; ვერც ეკონომიკა გაზარდა; უკიდურესად გაღარიბებულ ქვეყანას მილიარდობით ვალი აკიდა; კორუფცია ცხოვრების ნაწილად, სახელმწიფო ინსტიტუტები კი მის მომსახურე ქვეუწყებებად აქცია; ბიუჯეტის ფლანგვამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია; მონურ მორჩილებაში მყოფი ქართული ბიუროკრატიის ელიტა კი გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობს; მე-3 პრეზიდენტის მხრიდან საბიუჯეტო სახსრების განკარგვის გამადიდებელი შუშით დაკვირვება მისასალმებელიც კი იქნებოდა, ეს რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ხდებოდეს, მოქმედი ხელისუფლება კი ბიუჯეტის ხარჯვაში გამჭვირვალობის ბევრად მაღალ სტანდარტებს აჩვენებდეს. სამწუხარო რეალობა კი ის გახლავთ, რომ დღეს მედიით გახმაურებული თუ აუდიტის სამსახურის მიერ დადასტურებული არაერთი ფაქტი არსებობს, რომელიც კორუფციისა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის მასშტაბურ და ცალსახა მტკიცებულებებს შეიცავს. და რა სტანდარტითაც დღეს მიშას ასამართლებენ, იმავე სტანდარტით ამ ხელისუფლების არაერთი მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს. თუმცა, როდესაც პროკურატურას და სასამართლოს ამ საკითხებზე ნულოვანი რეაგირება აქვს და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩვეულებრივ ფარსს, შურისძიებას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს, იმაზე მსჯელობა თუ რამდენი, როგორ და რაში დახარჯა მე-3 პრეზიდენტმა უბრალოდ უადგილო და აზრს მოკლებული კი არა, არაადეკვატური და უსამართლოა. მით უმეტეს, როდესაც მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ და სხვა ქმედებებზე სააკაშვილმა უკვე იტვირთა, როდესაც 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ის და მისი პარტია ხელისუფლებიდან გაისტუმრა. მეტიც, ეს პასუხისმგებლობა დღემდე გრძელდება და იმაში გამოიხატება, რომ მიშამ გასული 8 წელი დევნილობაში, მისი გუნდის არაერთმა წევრმა კი ციხეში გაატარა.

თითქოს გასაკვირი არაფერია, როდესაც ყველა ჩვენგანს გარკვეული რეაქცია გვაქვს მასაჟისტის მომსახურებაზე, ედუარდ სააკაშვილის სწავლის გადასახადზე, იუშენკოს აბანოსა თუ ჰილარი კლინტონის თხილისა და რედბულის საფასურზე, თუმცა დროა დავფიქრდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე – კონტექსტზე: ანუ იმაზე თუ ვინ, ვის და რატომ ასამართლებს და იმაზეც – როგორ რეაქციას იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც იმ ტიპისა და სიმძიმის დანაშული თუ უფრო მძიმე არა, რასაც სააკაშვილს ედავება, უკვე ჩადენილი აქვს, თუმცა არათუ სამართლებრივი ვერდიქტი, ჯერ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ აუღია. საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა და მუდმივად წარსულთან ბრძოლა კი პასუხია კითხვისა თუ რატომ ასამართლებენ? ვინც ამას გაიაზრებს – მიხვდება, რომ სააკაშვილის პროცესი მარტო პოლიტიკური შურისძიება კი არ არის – საკუთარი დანაშაულების გადაფარვის მცდელობაა. წარსულის მანიპულირებით ხელისუფლება ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს აწმყოზე რეაგირების ინსტინქტს უჩლუნგებს და შესაბამისად ართმევს უკეთესი მომავლის პერსპექტივას.

formula

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share