აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინით უკმაყოფილოა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ “პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას” აყრით, რომელიც საბოლოო ჯამში უშინაარსო “გამოდგება ხოლმე”.
ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.
“პუტინი ბევრ ბოდვას გვაყრის, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყოველთვის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე” – თქვა ტრამპმა ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ომში მოკლულთა რიცხვი გაიზარდა და პუტინი “ძალიან ბევრ ადამიანს კლავს”, რომელთა შორის მრავალი რუსეთის ჯარისკაცია.
“პუტინით უკმაყოფილო ვარ, შემიძლია ეს გითხრათ ახლა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს კლავს, მათგან მრავალი საკუთარი ჯარისკაცია, საკუთარ ჯარისკაცებსა და მათ ჯარისკაცებს, ძირითადად. ახლა [დაღუპულთა რიცხვი] კვირაში 7 000-მდე ავიდა”. – თქვა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინას თავდაცვით იარაღებს აძლევენ, რადგან “პუტინი ადამიანებს არასწორად ეპყრობა” და “ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავს”.
“თავდაცვითი იარაღების მიწოდება გვინდა იმიტომ, რომ პუტინი ადამიანებს არასწორად ეპყრობა, ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავს, ამიტომ უკრაინას გარკვეულ თავდაცვით იარაღებს ვუგზავნით”. – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში რეპორტიორებთან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას “დამატებით იარაღს გაუგზავნის,” რადგან მათ “თავის დაცვა უნდა შეეძლოთ.”
“ძალიან ძლიერი იერიშების ქვეშ არიან, დამატებითი შეიარაღების გაგზავნა მოგვიწევს, პირველ რიგში თავდაცვითი შეიარაღების, მაგრამ მათ ძლიერად არტყამენ.” – დაამატა მან.
ტრამპის ნათქვამიდან მალევე პენტაგონის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ტრამპის მითითებით უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება უკვე დაიწყო.