გურიის მოამბე

Дождь: რუსეთში 18 წლის დაღესტნელ პირს წამებით აიძულეს ფრონტზე წასვლა, სადაც ის გაუჩინარდა

ტელეკომპანიის, Дождь-ის მიხედვით, რუსეთში 18 წლის დაღესტნელ ახალგაზრდას, საიდ მურთაზალიევს წამებით აიძულეს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება და ფრონტზე წასვლა, სადაც ის გაუჩინარდა.

ამის შესახებ საუბარია Дождь-ის დოკუმენტურ ფილმში, “Ни живые ни мертвые”, რომელშიც უკრაინასთან ომში გაუჩინარებული რუსი ჯარისკაცების შესახებ არის მოთხრობილი.

ტელეკომპანიის თანახმად, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში მურთაზალიევი ზამთრის არდადაგებზე მოსკოვის ოლქში იმყოფებოდა, სადაც ის თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში მას თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება შესთავაზეს, უარის შემდეგ კი წამება დაუწყეს. დაკარგული ჯარისკაცის დედის, ლეილა ნახშუნოვას თქმით, მურთაზალიევს “თავზე აირწინაღს აცვამდნენ, მკერდზე აწვებოდნენ, სანამ ცნობიერებას არ დაკარგავდა”.

Дождь-ის ინფორმაციით, იძულებით თანხმობის მიღების შემდეგ მურთაზალიევი ფრონტზე გაუშვეს – ის მოსკოვის სამხედრო ოკრუგის პირველი სატანკო გვარდიული არმიის 272-ე მოტომსროლელი პოლკის მოტომსროლელი ბატალიონის მოიერიშე ასეულში მსახურობდა.

7 მარტს მურთაზალიევმა დედამისს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ამბობდა, რომ “პოლკის მეთაურის ბრძანებით 1 მილიონ 150 ათასი რუბლი ააგროვა, რათა ბიჭები შტურმში არ წასულიყვნენ” და მას, როგორც არასაჭირო მოწმეს, “განულებას” უპირებდნენ. მომდევნო დღეს, 18 წლის ახალგაზრდა გაუჩინარდა.

Дождь-ს ნახშუნოვამ უთხრა, რომ მეთაურების წინააღმდეგ, რომლებიც მისმა შვილმა ვიდეოში დაასახელა, გამოძიება არის დაწყებული, თუმცა ჯარში კვლავ მსახურობენ და სამხედრო დავალებებში მონაწილეობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights