,,სანამ ესენი არ მომკლავენ, მე არ გავჩერდები და არც გავჩუმდები” – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
ის ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა.
მისი თქმით, ის თავის პოზიციაზე ბოლომდე იდგება.
,,მე ვარ ჩემს პოზიციაზე და ვიდგები ამ პოზიციაზე ბოლომდე. ვიდგები საქართველოს სადარაჯოზე, ვიდგები ეკლესიის სიწმინდის სადარაჯოზე, ამიტომ მე არც წართმევით და არც მოცემით არავის არაფერს არ დავუთმობ და სანამ მე ცოცხალი ვარ, სანამ ესენი არ მომკლავენ, მანამდე მე არ გავჩერდები და არც გავჩუმდები, ეს არის ჩემი პოზიცია. არავის არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ მე ჯიუტად ვდგავარ ქრისტეს გზაზე,” – განაცხადა მამა დოროთემ.
ცნობისთვის, საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.
გუშინ, დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გახდა ცნობილი.
კომისია პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავდა, რომ არქიმანდრიტი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.
განჩინებაში ნათქვამია, რომ “სასჯელი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო” დაეკისრა.
კომისიის წევრებმა ასევე არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს სასულიერო პირის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც განჩინებაში თავი მოუყარეს.









