4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, რომელშიც წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესი, საქართველოს შემთხვევაში კი “მკვეთრი რეგრესი” იქნება შეფასებული.
ანგარიში, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
დოკუმენტში ივანიშვილის რეჟიმი გაკრიტიკებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, ანგარიშში საუბარია ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებზე და აღნიშნულია, რომ “საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის”.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გასული წლის გაფართოების ანგარიშთან შედარებით, 2025 წლის დოკუმენტში საქართველოში მომხდარი “მნიშვნელოვანი გაუარესებაა” ხაზგასმული.
- საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით;
- ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, – მათ შორის სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური უფლებების, ასევე დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შემზღუდველი კანონმდებლობა, ლგბტქ ადამიანების მიზანში ამოღება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სრული დაუსჯელობის პირობებში ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა, – მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს;
- გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ცხრა რეკომენდაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს;
- კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რითაც მათს სანდოობას საძირკველი გამოუთხარა;
- ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად;
- ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს;
ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა “მნიშვნელოვნად გაუარესდა”, რადგან “დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინსტიტუტებსა და ორგანოებს არ გააჩნდათ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა”.
რადიო თავისუფლება ხაზს უსვამს, რომ როდესაც გამოცემამ დოკუმენტი მოიპოვა, რეკომენდაციებზე მუშაობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.








