ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, ჟურნალიტს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს, სხვა ორ მოსამართლესთან ერთად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოიარსკის სამხარეო სამმართველოს ყოფილი ინსპექტორი მარინა სირაძეც განიხილავს.
მთივლიშვილი სოციალურ ქსელში სირაძის ბიოგრაფიას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ის 1982-1991 წლებში კრასნოიარსკის შს სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში მუშაობდა.
,,მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განიხილავს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოიარსკის სამხარეო სამმართველოს ყოფილი ინსპექტორი მარინა სირაძეც (სხვა ორ მოსამართლესთან – ნიკოლოზ მარგველაშვილთან და ნანა ჯოხაძესთან ერთად).
მარინა სირაძემ 1992 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1982-1991 წლებში მუშაობდა კრასნოიარსკის შს სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
1999 წლიდან არის ჯერ ქუთაისის საოლქო, ახლა კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ” – წერს მთივლიშვილი.








