სასამართლოში გელა ხასაიას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს, 11 დეკემბერს, შესავალი სიტყვა წარმოადგინა მისმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ და შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად გელა ხასაიამ.
ხასაიას დაკავება, თავად გელას და მისი უფლებადამცველის განცხადებით, უკავშირდება მის სამოქალაქო აქტივიზმს, მის მონაწილეობას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში, სადაც გელა ხასაია ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტია და რომლითაც საერთაშორისო მედია ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად და დარბევებისას გამოიყენა აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები, კერძოდ, კამიტი, იგივე ბრომობენზილ ციანიდი.
გელა ხასაიას წარდგენილი აქვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის მტკიცებით, „გამოძიებით დადგინდა“, რომ 1 სექტემბერს თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა, გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს ერთ პირს, რამაზ ჩადუნელს. გელა ხასაია მომხდარიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 29 სექტემბერს დააკავეს. პოლიციაში იძულებით წაიყვანეს, ატყუებდნენ, რომ მოწმედ მიჰყავდათ, მაგრამ ბორკილები დაადეს. ორჯერ გააშიშვლეს. ემუქრებოდნენ, მათ შორის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით.
გელა ხასაიას საქმეში მეორე ბრალდებული, ვასილ ქერდიყოშვილი, თავიდანვე თანამშრომლობს პროკურატურასთან. მისი ადვოკატის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებაც საპროცესო შეთანხმების მისაღწევად.
გთავაზობთ გელა ხასაიას სიტყვას სასამართლოში სრულად:
„სათქმელი ბევრი არ მაქვს, ერთადერთი, რისი დაფიქსირებაც მინდა კიდევ ერთხელ — თავს დამნაშავედ არ ვთვლი. ეს ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანმა [მეორე ბრალდებულმა ვასილ ქერდიყოშვილმა] და ნეიტრალურმა მოწმემ, რომელიც ამ ადამიანის ნათესავია. რამდენად ნეიტრალური შეიძლება იყოს ეს ადამიანი ნათესავი პირის, რომელიც თანამშრომლობს პროკურატურასთან, თქვენ უკეთ იცით [მიმართავს მოსამართლეს].
პროკურორს მინდა ვკითხო: ის ამბობს, რომ გამოკითხვაზე დამიბარეს და დამირეკეს. ჩემმა უფლებადამცველმა ამოიღო ზარები და არავისგან ჩემთან ზარი არ დაფიქსირებულა. რანაირად აღმოვჩნდი მე გამოკითხვაზე? დალუქული აქვთ იქ [განყოფილებაში] ჩემი ნივთები, მათ შორის პური, მალფუჭებადი არაჟანი. გქონიათ შემთხვევა, როცა ადამიანი გამოკითხვაზე მოდის და ასეთი პროდუქტები აქვს თან? თვითონ როგორც მოიტყუა [პროკურორმა], რომ დარეკეს, მაგრამ ეს არ ფიქსირდება, ეს რანაირად ხდება? განავრცოს და ახსნას. რეალურად კი, მივდიოდი აქციიდან სახლში, გამოვედი მაღაზიიდან, დავინახე პოლიციელები, ვიცანი ერთ-ერთი, რეზი ჯინჭარაძე, ჩამტენეს მანქანაში და ამ ყველაფერს კავშირი არ აქვს გამოკითხვაზე დაბარებასთან. არ ვიცოდი, რისთვის ამიყვანეს, არათუ დაკითხვაზე დაბარება.
BBC-ის სიუჟეტზეც მინდა ვთქვა. BBC-ის გამოძიება არ დაწყებულა 3-4 თვის წინ, მიდის თითქმის ერთი წელი და ხშირად მქონდა კომუნიკაცია. თვითონაც მაფრთხილებდნენ, რომ ამას ჩემ მიმართ „ოცნების“ მხრიდან რაღაც ზომები შეიძლება მოჰყოლოდა. ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ მაფრთხილებდნენ ის ადამიანებიც, ვინც ეს ფილმი მოამზადეს. ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მათი მხრიდან მინიშნებაც კი არ ყოფილა კითხვებში, რომ მე მესაუბრა ზიანზე, რაც დარბევისას მივიღე. იქ რაც მოვყევი, იყო კითხვაზე პასუხი, „რა გახსენდებათ დარბევებიდან?“. ყველაფერი, რაც მოვყევი, იყო ის, რაც მე გადამხდა თავს. ისიც არ ვიცოდი, სხვა მონაწილეები ვინ იყვნენ სიუჟეტში. ვიცოდი, რომ ფილმი ეძღვნებოდა ქართველების ბრძოლას, პროტესტს. კიდევ ბევრ მამხილებელ ფაქტზე ვისაუბრე, მაგრამ ბევრი რამ ვერ მოხვდა ფილმში და ერთადერთი ეს მაწუხებს.
საქმეა აღძრული [სხვა ადამიანებზე BBC-ის რესპონდენტებიდან], თითქოს მტრულ საქმეში მონაწილეობდნენ. ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, როცა მექნება საშუალება, რომ ცივილიზებულ მედიას მივაწოდო ფაქტები, რომელსაც ახორციელებს არა საქართველო, არამედ „ოცნება“, ნებისმიერ დროს ვამხელ „ოცნებას“. BBC თავს საქართველოს არ ესხმის, არც ჩვენ ვამხელთ საქართველოს, ჩვენ ვამხელთ ოცნებას. ამით დავიცავ არა მარტო თავს, არამედ ყველას, ვინც ამ ტერორის ქვეშ იმყოფება.
ჩემი აზრით, სასამართლო უნდა ითვალისწინებდეს მთლიან კონტექსტს, როცა პოლიტიკურ საქმეს განიხილავს. მაგალითად, „ოცნების“ ახალი კანონით, შეიძლება მოგიწიოთ განიხილოთ ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული ადამიანის საქმე. არ არსებობს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც შეიძლება ამის გამო ციხეში გაუშვა ადამიანი.
პირველ რიგში, რასაც უნდა აკეთებდეს სასამართლო, არის ის, რომ წინ აღუდგეს ამ ყველაფერს. თუ ადამიანს ტროტუარზე დგომის გამო უშვებს ციხეში „ოცნება“, საერთოდ არაფერი გამორიცხავს, რომ ციხეში ის ადამიანი გაუშვას, ვინც ის საერთაშორისო მედიაში ამხილა. ეს ამბავია ახლა აქ და არა ის, რასაც ვითომ ნეიტრალური მოწმე იტყვის.
შეიძლება ამ ადამიანმა [მეორე ბრალდებულმა ვასილ ქერდიყოშვილმა] ეს ჩაიდინა, არ ვიცი. პროკურატურამ უნდა მოიყვანოს მოწმე, რომელიც მისი ნათესავია. პროკურატურას და ოცნებას ჩემ მიმართ აქვს, ასე ვთქვათ, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება, მათი მოტივი გასაგებია. გასაგებია აქედან გამომდინარე პროკურატურისა და მეორე მხარის თანამშრომლობა.“
გელა ხასაიას საქმეს და მის ამბავს, ნახევრად ხუმრობით, სხვანაირადაც მოიხსენიებენ — „საქმე, რომელშიც ბრალდებულს მოტეხილი ხელი ჩაუდეს“. ჯერჯერობით, საქმის განხილვის ფარგლებში, არ ვიცნობთ სამედიცინო კვლევას, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაზარალებულად ცნობილ რამაზ ჩადუნელს ხელი ნამდვილად მოტეხილი ჰქონდა, არათუ ის, რომ მას ხელი გელა ხასაიას მონაწილეობით მოსტეხეს.
გელა ხასაიას პიროვნებაზე, როგორც აფხაზეთიდან დევნილ ბიჭიზე, რომელიც რუსეთისგან იდევნება ბრალდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სასარგებლოდ, „აგენტურულ საქმიანობას“ ეწეოდა, და თავისი სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება, სასამართლოში ისაუბრა ხასაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ. ადვოკატმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ შეახსენა პოლიციელმა გელა ხასაიას, — „ხომ დაგპირდი, რომ სისხლით დაგიჭერდი“.
გელა ხასაიას საქმეს და მის ამბავს, ნახევრად ხუმრობით, სხვანაირადაც მოიხსენიებენ — „საქმე, რომელშიც ბრალდებულს მოტეხილი ხელი ჩაუდეს“. ჯერჯერობით, საქმის განხილვის ფარგლებში, არ ვიცნობთ სამედიცინო კვლევას, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაზარალებულად ცნობილ რამაზ ჩადუნელს ხელი ნამდვილად მოტეხილი ჰქონდა, არათუ ის, რომ მას ხელი გელა ხასაიას მონაწილეობით მოსტეხეს.
გელა ხასაიას პიროვნებაზე, როგორც აფხაზეთიდან დევნილ ბიჭიზე, რომელიც რუსეთისგან იდევნება ბრალდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სასარგებლოდ, „აგენტურულ საქმიანობას“ ეწეოდა, და თავისი სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება, სასამართლოში ისაუბრა ხასაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ. ადვოკატმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ შეახსენა პოლიციელმა გელა ხასაიას, — „ხომ დაგპირდი, რომ სისხლით დაგიჭერდი“.
„ხასაიას დევნის ინტერესი. მისი პიროვნება უფრო დიდი ადვოკატია მისი, ვიდრე მე შეიძლება გავხდე ოდესმე მისთვის. ის არის დევნილი აფხაზეთიდან, ვერ ცხოვრობს თავის სახლში იმ მიზეზით, რომ გვყავს დიდი ჩრდილოელი მტერი, რომელმაც ყველას წაგვართვა სახელმწიფოს ნაწილი. ის არის ძებნილი და მტრად გამოცხადებული რუსული მხარის მიერ. იდევნება, როგორც საქართველოს აგენტი, რომელიც მუშაობდა რუსეთის წინააღმდეგ. აი, ეს ჩინ-მედალი აქვს გელა ხასაიას. ვაღიარებთ ამ დანაშაულს და ვართ ამით ამაყი.
აფხაზეთიდან დევნის შემდეგ მისი დევნის რეალურ საფუძველს ვერავინ მოვისმენთ სასამართლოში პროკურატურის მხრიდან. ეს საფუძველი არის მისი სამოქალაქო აქტივობა. ეს ტანით პატარა, მაგრამ დიდი ადამიანი, არის ხისტი მებრძოლი ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ.
კიდევ ერთი დიდი მოტივი არის „ქართული ოცნების“ მხილება ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რომელსაც საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი დევნის პერსპექტივა აქვს. BBC-ის სიუჟეტის მთავარი პროტაგონისტი იყო გელა ხასაია. ყველას გვესმოდა, რომ როცა რესპონდენტი იყო, ელოდებოდა საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან. უბრალოდ, სანამ ქალბატონი პროკურორი ბრალს წარუდგენდა, მანამდე არ ვიცოდით, რეჟიმი ამას რა ფორმით გააკეთებდა. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს იმ ბრალის დადგენილების სახით ხდება, რაზეც თქვენ მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება [მიმართავს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს].
ვერ გთხოვთ BBC-ის სიუჟეტის დართვას საქმეზე, მაგრამ როგორც ადამიანმა, რომელმაც შინაგანი რწმენის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იხელმძღვანელეთ გელა ხასაიას პიროვნებით, იყავით განსაკუთრებით სკეპტიკური ყველა მტკიცებულებისა და ჩვენების მიმართ, რასაც ამ დარბაზში მოისმენთ და მიიღეთ ეგ სიუჟეტი, როგორც საჯარო ცნობა. გაითვალისწინეთ, ვის მიმართ იღებთ გადაწყვეტილებას. გელა ხასაიას ხელ-ფეხის შეკვრით შეიძლება ხელ-ფეხს უკრავდეთ ადამიანს, ვისაც აქვს გავლენა ჩემი, თქვენი შვილების მომავალზე“, — თქვა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ შესავალი სიტყვის ფარგლებში სხდომაზე.








