გურიის მოამბე

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ამბასადორიალის “დიპლომატიური ჭინთვები”

საგარეო საქმეთა სამინისტროს „ამბასადორიალი“ წესით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სარკეა: სად ვართ, საით მივდივართ, რა შევძელით და რა ვერ გამოგვივიდა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ფორმატი სწორედ ამისთვის არსებობს – დიპლომატიური კორპუსი აჯამებს განვლილ პერიოდს, იღებს უკუკავშირს და მომავალ წელს იწყებს უფრო მკაფიო სტრატეგიული ხაზით.

წლების განმავლობაში, როცა საქართველო რეალურად იდგა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და დასავლეთთან ნდობა არსებობდა, ასეთ შეხვედრებს ხშირად ახლდა მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტები – პარტნიორი ქვეყნების პირველი პირები თბილისის აბსადორიალში თავისი მონაწილეობით ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველო მათ დღის წესრიგში იყო. დღეს კი, იმავე ფორუმზე მაღალი დონის სტუმრები კი არა, დასავლეთთან ურთიერთობა ისეთსავე სიბრტყეშია დანახული და განხილული, სადაც „მსოფლიოს ყველა რეგიონთან“ ურთიერთობის ზოგადი პანორამაა – თითქოს ეს უბრალოდ დიპლომატიური გეოგრაფიაა და არა ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების მთავარი ღერძი.

ხელისუფლების რიტორიკა კვლავ ტრიალებს „სუვერენიტეტის“, „მშვიდობის“ და „პროგნოზირებადი პოლიტიკის“ ირგვლივ. პრობლემის წყარო, როგორც წესი, გარეთ იძებნება – „გარე ზეწოლებში“, „ჩარევებში“, „შეუთანხმებელ მოთხოვნებში“. ამ ფრაზებში ბრალდებები იმალება, თითქოს საგარეო კურსის კრიზისი სხვისი დამოკიდებულების შედეგია და არა საკუთარი გადაწყვეტილებების ჯამი.

სინამდვილეში, „ამბასადორიალი“ ტარდება ქვეყნის თვითიზოლაციის უპრეცედენტო პოლიტიკის ფონზე – როცა დასავლეთიდან კრიტიკა მკაცრდება, და სადაც სანქციებისა თუ სხვა შემზღუდავი ნაბიჯების ლოგიკა, განსაკუთრებით ქიმიური იარაღის გამოყენების დანაშაულში მხილების საერთაშორისო რეზონანსის გათვალისწინებით, სულ უფრო ხელშესახები და მკაცრი ხდება.

ამასთან ჩვენი პარტნიორები ცდილობენ ეს ნაბიჯები ისე გადადგან, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქართველ ხალხს და მეტი – იმ ძალაუფლების ცენტრს, რომელმაც ქვეყანა ამ ჩიხამდე მიიყვანა. ეს არის დილემა, რომელიც დღეს უხილავ, მაგრამ მკვეთრ ხაზზე გადის: „დავიცვათ საქართველო“ და პარალელურად “დავსაჯოთ რეჟიმი“.

ამიტომ დღევანდელი „ამბასადორიალი“ აღარ არის წარმატებების ანგარიში და არც მომავლის რუკა. ეს უფრო დიაგნოზია მდგომარეობისა, როცა საგარეო პოლიტიკა სიტვებით ,,მრავალვექტორულია“, რეალობაში კი ის იქცა ეროვნული არჩევანის და კონსტიტუციური ვალდებულების მოღალატე, დანაშაულებრივი საგარეო პოლიტიკის, საქართველოს ერთგული და ძლიერი მოკავშირეების დაკარგვის და ნამდვილ, ისტორიულ მტერთან ერთიერთზე დარჩენის ანგარიშად.

ან შეიცვლება რეჟიმი და საგარეო პოლიტიკას დავაბრუნებთ კონსტიტუციურ, შეაბამისად მკაფიო დასავლურ ღერძზე, ან გავაგრძელებთ თვითიზოლაციის ინერციას, რომელიც ქვეყანას მტაცებლური ინსტიქტებით მოქმედ რუსეთს პირისპირ შეატოვებს.

ყოფილი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და სანქციების ლოგიკა ოცნების მიერ მოტანილი რეალობის შედეგია და არა რაღაც “დიფსტეიტის,“ თუ ვიღაც ევრობიუროკრატების ახირება.

ეს არის შედეგი ივანიშვილის პოლიტიკის, რომელმაც ნდობა შეცვალა ეჭვით, დიალოგი – მუქარით, სტრატეგიული არჩევანი კი ტაქტიკური ხრიკებით (როგორც თავად უწოდებს “ტრიუკებით“). და თუ დღეს ამბასადორიალზე პრეზიდენტად მომუშავის წვალებას, დიპლომატიურ სამსახურს შემორჩენილი ქართველი ელჩების უხერხულ შმუშვნას და კიდევ უფრო უხერხული შინაარსის თავისმართლებას ვისმენდით, ხვალ საერთოდ აღარ იქნება ვინმე დასარწმუნებელი – იქნება მხოლოდ ფორმალურად ქვეყანა, რომელიც საკუთარი შეცდომების ფასსაც მარტო გადაიხდის და საკუთარ უსაფრთხოებასაც მარტო დაიცავს.. უფრო სწორედ ვერაფერსაც ვერ დაიცავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights