მარო მაყაშვილი
1921 წელს, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ის წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ რაზმს შეუერთდა. 19 თებერვალს, მარო ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარეს. რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილი ქართველ იუნკერებთან ერთად, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოშია დაკრძალული.
ფრონტიდან გამოგზავნილ წერილში მარო ოჯახს ტკბილეულის გამოგზავნას სთხოვდა – „…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.
შენი მარო.“
მარო მაყაშვილი ადრეული ასაკიდან აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შემორჩენილია მარო მაყაშვილის დღიური და წერილები, რომლებშიც, ის საკუთარ მსოფლმხედველობაზე და ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
„მარო მაყაშვილის ჩანაწერი დღიურში სამშობლოს თავისუფლების შესახებ: „ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ – „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს”