საქართველოში კარტოფილის საბითუმო ფასები სტაბილური რჩება. უკანასკნელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადგილობრივი ფერმერები ფასების ზრდას იმედოვნებდნენ, თუმცა ამ დრომდე კარტოფილი არ გაძვირებულა. მიზეზი დიდი ოდენობით იმპორტირებული პროდუქტია.
სამცხე-ჯავახეთში ამ სეზონზე კარტოფილის დაბალი მოსავალი იყო, ძირითადად უამინდობის გამო. მიუხედავად ამისა, იმპორტული კარტოფილის გაზრდილი ოდენობის გამო, პროდუქტზე ფასების ზრდა არ დაფიქსირებულა.
დეკემბერსა და იანვარში ქვეყანაში იმპორტით 11 ათასი ტონა კარტოფილი შემოვიდა, რაც ამ სეზონისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვია. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არის რუსეთი და ბელარუსი, რაც შეეხება ფასს, ტრანსპორტირებისა და პროდუქტის ღირებულების ჩათვლით, ერთი კილოგრამი 0,71 ლარი ღირს.
EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მიხედვით, საქართველოში კარტოფილის საბითუმო ფასი ამჟამად 1,8 ლარია – 40%-ით მეტი, ვიდრე შარშან ამ დროს. იმპორტის სტატისტიკა იანვრის მონაცემებს შეიცავს, რადგან თებერვალი ჯერ ისევ არ დასრულებულა.
შიდა მოხმარებისთვის, როგორც წესი საქართველოში 125 ათასი ტონა კარტოფილია საჭირო. რამდენად მეტი პროდუქტია საჭირო წელს, ჯერჯერობით, ამის თქმა შეუძლებელია.
კარტოფილის მოსავლის ყველაზე დაბალი მოცულობა სამცხე-ჯავახეთში 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც მოსავლის ოდენობამ 100 ათასი ტონა შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლის მოსავალი 2014 წლის მოსავლის თითქმის ანალოგიურია, საქართველომ იმპორტით 25 ათასი ტონა კარტოფილი უნდა შეიძინოს. 2022 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე 13 ათასი ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 12 ათასი ტონაა საჭირო.
თუმცა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მკვეთრი მატების გამო, შესაძლოა, წლის ბოლომდე 12 ათას ტონაზე მეტი კარტოფილის იმპორტირება გახდეს საჭირო.