ღარიბაშვილის შემდეგ, მარილთან და პურის ფასთან შეუგუებელთა რიგებს კორუფციის გველეშაპთან მებრძოლი კობახიძე შეემატა. მართალია სუპერმარკეტები და დისტრიბუტორები ჯერ დიფსტეტის აგენტებად არ გამოუცხადებია, მაგრამ მივალთ მაქამდეც.. აცადეთ ბატონო.. აცადეთ.. მუშაობენ..
და აი როგორ და რატომ მოხდება ეს:
რეჟიმს ჩამოყალიბებული აქვს კონსპირაციული ჩარჩო “დიფსტეიტის” სახით რომელსაც არგებს და რომელსაც ურგებს სუბიექტებს.
ერთ შემთხვევაში ესენი შეიძლება იყვნენ პოლიტიკური ოპონენტები, კრიტიკული მედია, არასამთავრობოები, აქტივისტები .. სხვა შემთხვევაში დასავლელი ლიდერები, პოლიტიკური ინსტიტუტები, ელჩები.. და ბოლოს თავად რეჟიმის შიდაკლანური ოპონენტები.
ამ პოლიტტექნოლოგიურ მოდელში შეგიძლია ყველა გააერთიანო და ამავე დროს ყველას თავისი ადგილი და როლი მიუჩინო.
ახალ სამიზნეზე შეტევას რათქმაუნდა სჭირდება პროპაგანდისტული შემზადება.. პროპაგანდა ზოგადად ასე მუშაობს: – მასში ყოველთვის ნაწილობრივ არის სიმართლე. მაგალითად ის, რომ საქართველოში ბევრი კორუფციული და მეტიც კრიმინალური ქსელი მოქმედებს და ამას ქართული სპეცსამსახურები და ქართველი სამართალდამცავები მფარველობენ – სიმართლეა. შესაბამისად ლილუაშვილისადმი წაყენებული ბრალდებების ჩამონათვალში თითქმის ყველაფერი სარწმუნოა, მაგრამ არაფერია სარწმუნო ბოლომდე, რადგან თავად ქოცის თავშიც კი რთულად შეიძლება ჩაჯდეს სქემა, სადაც თბილისის მერიის ორი მაღალჩინოსანი შეიძლება მონაწილეობდეს ათეულობით მილიონის კორუფციულ გარიგებებში ისე, რომ ეს მხოლოდ ლილუაშვილმა იცოდეს და არა უშუალოდ ამ პროექტებსა დატენდერებზე გადაწყვეტილებების მიმღებმა მერმა კალაძემ. არადა ზაჰესის იზოლატორში ახლა ლილუაშვილი მარტო ზის და კალაძე კი გარედან კომენტარებს აკეთებს თუ რა კარგია კორუფციასთან ბრძოლა.
ქოცური ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ლილუაშვილის მტრად გამოსაცხადებლად, მხოლოდ ენერგეტიკიდან, ან ქოლცენტრებიდან მიღებული წილები, ან თუნდაც ბავშვების ფაფიდან მოპარული ფული საკმარისი ვერ იქნებოდა. ამიტომაც ჩაჯდა პროკურატურის ვერსიაში მინიშნებები მოპარული ფულით კრიტიკული მედიის დაფინანსების მითებზე.
ამის შემდეგ ყველაფერი მარტივად ლაგდება: დიდ კონსპიროლოგიურ ჯაჭვში ლილუაშვილი ერთი რგოლი ხდება, პროპაგანდისტულ თარგს მხოლოდ მისი გვარი ემატება და შეთქმულებათა თეორიის საწვავით მოქმედი მანქანა რეპრესიულ სიჩქარეს არ აგდებს.
ბოლოს მივუბრუნდეთ ბიზნესს. საქართველო ჩინეთი არ არის რომ მილიარდიანი მომხმარებელი ყავდეს და იმდენად დიდი მიზიდულობის ცენტრი იყოს, რომ დასავლური ტექნოლოგიური გიგანტები ათწლეულების განმავლობაში იაფი მუშახელის, თუ სხვა ფაქტორების გამო ინოვაციურ ინვესტირებას აგრძელებდნენ.
აქსიომაა – თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა იკეტება და ხდება დიქტატორული – შეუძლებელია ეკონომიკა დარჩეს ღია და თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე ორიენტირებული.
ასეთ პირობებში, ავტორიტარული მმართველობითი ელიტის და მასთან დაახლოებული კლანების გამდიდრების ფონზე გარდაუვალია მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება.
დიქტატორის ბუნებაც ჩვეულებრივი ავტორიტარისგან განსხვავებულია: ავტორიტარიზმში ნებადართულია ბიზნესაქტივობის ავტონომიური სივრცეები, მთავარია მისგან მიღებული შემოსავალი პოლიტიკაში და მედიაში არ მიდიოდეს. დიქტატურაში ყველაფერი უნდა ეკუთვნოდეს დიქტატორს და დანარჩენი მისგან ნაწყალობევს იღებდეს და ჯერდებოდეს.
დიდი ხნის სიჯიუტისა და საწინააღმდეგოს უშედეგოდ მტკიცების შემდეგ რეჟიმი იძულებული ხდება აღიაროს, რომ საქართველოში სურსათსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალია ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ვროპულ სახელმწიფოებში. ნაცვლად იმისა, რომ რეალურ მიზეზებზე მსჯელობას იწყებდეს და გადაწყვეტილებებს იღებდეს – ბიზნესის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მუქარა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნის მოწოდება და ანტიმონოპოლიური სამსახურის გააქტიურებაზე საუბარი გვესმის.
ბოლოდან დავიწყოთ და შევახსენოთ საზოგადოებას – ეს სამსახური 2 წელი როგორ იკვლევდა იმავე მთავრობის დავალებას პურის ფასის მატებასთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ თურმე დანაშაულებრივი არაფერი მომხდარა და ფასის მატება საგადასახადო გარემომ და საბაზრო პრინციპებმა გამოიწვია. დანარჩენს ნამდვილად უდის ისედაც მორჩილი ბიზნესის მომავალი ტერორის, კიდევ უფრო ზუსტად საბჭოური გეგმიური და ქოცური კრიმინალური ეკონომიკის ჰიბრიდის მწკლარტე სუნი..
ახალი სამიზნე ,,ხარბი” ქართული ბიზნესია, რომლის წინააღმდეგ კამპანიასაც დახვდება მაღალ ფასებთან შეჯიბრში ქანცგაწყვეტილი და გაღიზიანებული საზოგადოების ისედაც ნეგატიური განწყობა. თუ დამატებით საჭირო გახდა, უწყვეტად გახურებულია ოცნების კონსპიროლოგიის ღუმელი: ,,დიფსტეიტის ქართველი ბიზნეს აგენტები შეგნებულად ზრდიან ფასებს და ხელს უწყობენ სოციალური ბუნტის მომწიფებას ხელისუფლების ცვლილების და ქვეყნის ომში ჩათრევისთვის..“
რათქმაუნდა ნამდვილ მიზეზებს, რომელთა ნაწილიც ზედაპირზე დევს, რატომღაც ლელოს ფერებში გაფორმებულ კობახიძის კლიპში ვერ ნახავთ – მაგალითად იმას, რომ როცა ევროპულ და ქართულ ფასებს ერთმანეთს ადარებს გაიხსენოს:
ფასწარმოქმნაში ერთ-ერთი კომპონენტი გადასახადებია – ხორცის ფასში დღგ საქართველოში 18%-ია, იტალიაში კი 4%, პურზეც ანალოგიურად დღგ 18%-ს შეადგენს, საფრანგეთში 5.5%-ს. მაგრამ დღგ რომ შეამციროს ან საწვავზე დაწესებული აქციზი, მაშინ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ბიუჯეტში შემოსავალი შემცირდება და მაშინ ვერ დაირიგებენ მ13-ე, მე14-ე და მე15-ე ისედაც გაზრდილ ხელფასებს, ვერ გადაიხდიან მილიონებს ახალახალი სახაზინო მანქანებისთვის და მატი მომსახურებისთვის, ვერ დაურიგებენ 10-მაგ პრემიებს ახალგაზრდების დამსახიჩრებელ პითეკანთროპებს და ვერ იყიდიან იმ მეთაურების დუმილს სამარადჟმოდ, რომლებიც ქართველი ხალხის მოსაწამლ ქიმიურ ნივთიერებებს წყალში აურევს.
ფასებთან მებრძოლი წმ.ავტორიტარიზმის ამბავი სუპერმარკეტების ქსელებით არ შემოიფარგლება.. ფასებზე კონტროლის საბჭოური ილუზიის მიღმა, რაზეც მართლა სერიოზულად უჭირავს თვალი ყველა დიქტატურას – საინფორმაციო ველის კონტროლია.. ტელემედიის მოხრჩობის შემდეგ, ინტერნეტპლატფორმების ჯერი მოვა, ამიტომ თუკი სუპერმარკეტების ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიების მიღმა ვინმე დღეს უნდა ღელავდეს – კავშირგაბმულობის გიგანტებია.. რომელთაც უბრალოდ ვეტყოდი, რომ დიქტატურის პირობებში ამ საფრთხისგან დაზღვევას პოლიტიკურად ისედაც სრულიად სტერილური ტელევიზიის საახალწლოდ დახურვა არ უშველის..
ამას ბიზნესი რამდენად იაზრებს ვერ გეტყვით.. აი იმას, თუ დიქტატურის პირობებში ფასების ხელოვნურ კონტროლს ციცილიზებული სამყაროსგან იზოლაციის და კომისიების და სისხლის სამართლის საქმეებით ეკონომიკის მართვის მცდელობას რა მოყვება – ზუსტად შემიძლია გითხრათ: კარგად და მწარედ მახსოვს საბჭოთა მაღაზიების ცარიელი დახლები და მასზე გამოკრული ფასები, რომელსაც მნიშვნელობა დიდი ხანია დაკარგული ქონდათ.
ფორმულა







