“‘TV იმედი’ – პროპაგანდის მეგაფონი, რომელიც საქართველოს EU მისწრაფებას ძირს უთხრის” – ამ სათაურით EUvsDisinfo (ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ) სტატიას ავრცელებს.
EUvsDisinfo ევროკავშირის პროექტია, რომელიც რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 2015 წელს შეიქმნა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია “იმედი” მმართველი პარტიის უმძლავრეს პროპაგანდისტულ იარაღად იქცა – “ის შეუჩერებლად ავრცელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და კრემლის სტილის დეზინფორმაციას იმეორებს”.
“‘TV იმედი’ ფუნქციონირებს როგორც პროპაგანდის პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივ აღქმას ამახინჯებს, მისი წარმომადგენლების დისკრედიტაციას აღვივებს და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობას არღვევს” – ვკითხულობთ სტატიაში.
სტატია ყურადღებას ამახვილებს ტელეკომპანიის მფლობელის, ირაკლი რუხაძის ვინაობაზე და აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი ბიზნესი “Hunnewell Cement” რუსულ ელიტასთან სავარაუდო კავშირშია მხილებული.
სტატიაში აღნიშნულია, რომ “იმედის” სარედაქციო სტრატეგიის ცენტრალურ ღერძს მმართველი პარტიის ანტიდასავლური ნარატივების გაძლიერება და ევროკავშირის, მათ შორის მისი წარმომადგენლების დისკრედიტაცია წარმოადგენს.
“‘იმედის’ მიერ გავრცელებული ნარატივები სულ უფრო ემსგავსება კრემლის დეზინფორმაციის ტაქტიკებს და ზოგ შემთხვევაში, მათგან თითქმის განურჩეველია” – წერია სტატიაში.
ასევე, სტატიაში აღნიშნულია ევროპელი დიპლომატების, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის წინააღმდეგ “TV იმედის” მიერ წარმოებული აგრესიული კამპანია.