გურიის მოამბე

რაში იხარჯება ₾100 მილიონი: სოციალურ პროგრამაში თუ პარტიული აქტივის ფიქტიურ დასაქმებაში?

სტადიონის 143 დამლაგებელი და წყლის სათავე აუზის 170 გამწმენდი – მესტიაში.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია სახელმწიფო პროგრამიდან, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასაქმებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა ათეულობით მილიონს სავარაუდოდ ფიქტიურ პოზიციებს ახარჯავს.

2022–2024 წლებში პროგრამის ბიუჯეტმა ₾239 მილიონს გადააჭარბა.

ბენეფიციართა შერჩევისა და მონიტორინგის მექანიზმები არ არსებობს.

გამჭვირვალობის დეფიციტი: გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი არ არის. 

2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროგრამა, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება და შრომით ბაზარზე ინტეგრაცია იყო. თუმცა არსებული მონაცემები და პრაქტიკა ბადებს ეჭვს, რომ პროგრამა რეალურად არ ემსახურება არც სიღარიბის შემცირებას, არც სოციალურ ინტეგრაციას — და მით უმეტეს, არ ქმნის საზოგადოებისთვის რეალურ სარგებელს.

პროგრამის თანახმად, ბენეფიციარები ინარჩუნებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს და საარსებო შემწეობას, ხოლო დამატებით, მინიმალური ანაზღაურებით — თვეში მაქსიმუმ 300 ლარად — საქმდებიან ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე. თუმცა რიგ შემთხვევებში ეს პოზიციები ფიქტიურს ჰგავს, ან ეჭვქვეშ დგას მათი საჭიროება. ეს ყოველივე ბადებს შეკითხვას – ხსენებული პროგრამის სახით ხომ არ გვაქვს საქმე არაფორმალური დასაქმების სქემასთან, რომლის ფარგლებშიც საბიუჯეტო რესურსი რეგიონებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისკენ მიედინება.

მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასაქმებულია სტადიონის 143 დამლაგებელი და წყლის სათავე აუზის 170 გამწმენდი, რაც ეჭვს აჩენს დასაქმების რეალურობასა და გამჭვირვალობაზე. (ჩასწორება: დოკუმენტში, რომლის წყაროც მესტიის მუნიციპალიტეტია, ხარჯის კატეგორიად მითითებულია “აუზების გამწმენდი”. დამატებითი მოკვლევის შემდეგ დაზუსტდა, რომ საუბარია წყლის სათავე აუზზე). სხვა რეგიონებში ათეულობით ბენეფიციარია დასაქმებული კეთილმოწყობის სამსახურებში, ან ისეთ პოზიციებზე, რომელთა მოცულობა არ შეესაბამება ადგილობრივ საჭიროებებს.

პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. თუ 2022 წელს მისი ბიუჯეტი 39.8 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს — უკვე 97 მილიონი, ხოლო 2024 წლისთვის 103 მილიონი ლარი გახდა. ამ თანხით წლის განმავლობაში 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული.

მიუხედავად გაზრდილი ხარჯისა, პროგრამის ეფექტიანობაზე შეფასების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს — მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა არ გასცა ინფორმაცია ბენეფიციართა საქმიანობაზე. კვლევის ფარგლებში, ინფორმაცია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან და სამინისტროდან გამოვითხოვეთ, პასუხი კი მხოლოდ 43 მუნიციპალიტეტიდან მივიღეთ. მიუხედავად მთავრობის მიერ “გამჭვირვალობის კანონის” ძალადობრივი მხარდაჭერისა, სამთავრობო უწყებებიდან პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციაზე მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროდან მივიღეთ.

კორექტული მენეჯმენტისა და მონიტორინგის მექანიზმების გარეშე, პროგრამა აშკარად ქმნის სივრცეს ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვისა და შესაძლო პოლიტიკური კლიენტელიზმისთვის. შერჩევის კრიტერიუმები გაურკვეველია, კონტროლი — სუსტი, ხოლო საზოგადოების მხრიდან შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია.

საეჭვო პროპორციის პოზიციები დასაქმების პროგრამის ფარგლებში

მუნიციპალიტეტი / უწყება პოზიცია / განყოფილება დასაქმებულთა რაოდენობა
მარტვილი კეთილმოწყობის სამსახური 859
დუშეთი მეეზოვე / გზების მოვლა / დამლაგებელი 586 (200+310+76)
თიანეთი კეთილმოწყობის სამსახური 325
სენაკი გამწვანება/დასუფთავება 167
ონი ტურისტული ცენტრი 66
მესტია სტადიონის დამლაგებელი / წყლის სათავე აუზის გამწმენდი 313 (143+170)
ახალქალაქი სასაფლაოს მომვლელი 51
თელავი კეთილმოწყობის სამსახური 71
ადიგენი კეთილმოწყობის სამსახური 122
გარემოს დაცვის სამინისტრო ამინდზე დამკვირვებელი 79

ეს მაგალითები აჩენს ეჭვს, რომ სახელმწიფო დასაქმების პროგრამის პროექტი გადაქცეულია არაფორმალური დასაქმების სისტემად, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელფასების გაცემას გულისხმობს. არსებული რესურსი — ყოველწლიურად 100 მილიონ ლარზე მეტი — შესაძლოა გაცილებით ეფექტიანად გამოყენებულიყო სიღარიბის შემცირების რეალურ პროგრამებზე.

flangva.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights