გურიის მოამბე

ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56 მილიონი ლარი მიიღო – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო [TI] ცნობით,  2014-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა 56 მილიონი ლარი მიიღეს. ამავე პერიოდში, ამავე დროს, კარიჭაშვილის კომპანიებმა და კომპანიების დირექტორებმა ქართულ ოცნებას 783 ათასი ლარი შესწირეს.

TI-ის ცნობით, კარიჭაშვილი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, რუსეთთან თანამშრომლობის გამო, ის უკრაინის მთავრობამ დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა. 2025 წლის 28 იანვარს კი ვახტანგ კარიჭაშვილმა რამდენიმე პირთან ერთად “საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია” დააფუძნა.

“სოფლის მეურნეობის სუბსიდიები ვახტანგ კარიჭაშვილის 8 კომპანიამ მიიღო. ჯამურად მიღებული 56 მლნ ლარიდან, 25 მლნ ლარი მხოლოდ 2024 წელს მიიღეს. ყველაზე მეტი 10.8 მლნ ლარი შპს ბოლერო ენდ კომპანის აქვს მიღებული. აქედან, 4.3 მლნ 2024 წელს მიიღო. შპს ბოლერო ენდ კომპანის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კომპანიას 10.2 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა.

2024 წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან სულ 196 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა და ამ თანხის 13% მხოლოდ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა მიიღეს. ყველა ეს თანხა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშია გაცემული.

2025 წლის 28 იანვარს ვახტანგ კარიჭაშვილმა რამდენიმე პირთან ერთად საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია დააფუძნა. ის უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს შპს მელიქიშვილი ინნ-ს, რომელმაც 2024 წლის 17 ოქტომბერს მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო აფიშა გახსნა. სასტუმროს გახსნას ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესწრებოდნენ. 2023 წლის ნოემბერში ვახტანგ კარიჭაშვილი უკრაინის მთავრობამ რუსეთთან თანამშრომლობის გამო დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ვახტანგ კარიჭაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა” – წერს ორგანიზაცია.

რაც შეეხება ქართული ოცნებისთვის თანხის შეწირვას, კარიჭაშვილმა ივანიშვილის პარტიას თანხა პირველად 2016 წელს შესწირა. ქართული ოცნების შემომწირველია, როგორც კარიჭაშვილის კომპანიები, ისე მათი დირექტორები.

“ვახტანგ კარიჭაშვილმა ქართულ ოცნებას პირველად 2016 წელს შესწირა თანხა 120 ათასი ლარი. შემოწირულობა შპს ბოლერო ენდ კომპანის სახელით განახორციელა. 2018 წელს მისმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს მილადა ინტერნეშინელმა შესწირა პარტიას 100 ათასი ლარი. სხვა დროს, ქართულ ოცნებას თანხას მისი კომპანიების დირექტორები სწირავდნენ, ხუთმა დირექტორმა 563 ათასი ლარი შესწირეს 2017-2025 წლებში. აქედან ოთხმა, ირაკლი ბექაურმა (60 ათასი ლარი), დავით ბოჭორიშვილმა (40 ათასი ლარი), კახაბერ გაბეშიამ (30 ათასი ლარი) და გიორგი ბოლოთაურმა (10 ათასი ლარი), ქართულ ოცნებას თანხა 2025 წელს შესწირეს”.- წერს TI.

კარიჭაშვილის ორი კომპანია – შპს ბოლერო ენდ კომპანი და შპს GVMT Group საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიორ 10 უმსხვილეს კომპანიაში შედის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights