გურიის მოამბე

პარლამენტის წევრების გარდა, ხელფასები პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსაც გაეზარდათ

🔻 2026 წლიდან გაზრდილ ხელფასს პარლამენტის წევრების გარდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც მიიღებენ. პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა

🔻 ბრძანების მიხედვით, ყველაზე მაღალ – 11 200 ლარიან თვიურ ანაზღაურებას პარლამენტის აპარატის უფროსი მიიღებს. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის (სამი მოადგილე) ხელფასი – 10 400 ლარი იქნება, აპარატის უფროსის თანაშემწეების ანაზღაურება კი – 3 520 ლარი. ამავე ბრძანებით, 3 520 ლარით განისაზღვრება აპარატის უფროსის მოადგილის თანაშემწეების ხელფასი.

🔻 2026 წლიდან 9 600 ლარი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის თვიური თანამდებობრივი სარგო, 7 200 ლარი – პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილის ხელფასი, 7 040 ლარი – თანაშემწეების, ხოლო 4 480 ლარი – მთავარი სპეციალისტების ანაზღაურება. პაპუაშვილის კაბინეტში 17 პირია დასაქმებული. პირველი ვიცე-სპიკერის სამდივნო რვა თანამშრომლით არის წარმოდგენილი. სამდივნოს უფროსის ხელფასი 7 040 ლარი იქნება, თანაშემწეების – 6 400 ლარი, მთავარი სპეციალისტების – 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 3 520 ლარი და უფროსი სპეციალისტის – 2 880 ლარი.

🔻 ვიცე-სპიკერების სამდივნოს უფროსს 6 400 ლარიანი ხელფასი ექნება, მთავარ სპეციალისტს – 4 480 ლარი, ხოლო უფროსს სპეციალისტს – 2 880 ლარი. ანალოგიური ოდენობებით განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო.

🔴 ბოლო ცვლილებებით, პარლამენტის დეპარტამენტებში არსებული განყოფილებები სამმართველოებად გადაკეთდა. დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 9 600 ლარი იქნება, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – 7 200, სამმართველოს უფროსის – 6 400 ლარი, მთავარი სპეციალისტების – 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 3 520 ლარი, უფროსი სპეციალისტის – 2 880 ლარი.

🔴 რაც შეეხება პარლამენტის კომიტეტების აპარატებს, 2026 წლიდან აპარატის უფროსის ყოველთვიური ხელფასი – 6 400 ლარი იქნება, აპარატის მთავარი სპეციალისტის – 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 3 520 ლარი, უფროსი სპეციალისტის – 2 880 ლარი, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწის ხელფასი – 3 520 ლარი. დეპუტატების თანაშემწეების ხელფასი 2 880 ლარი იქნება. პარლამენტის მანდატურთუხუცესი კი 2026 წლიდან 9 600 ლარიანი ანაზღაურებას მიიღებს.

🔴 საშტატო ნუსხის თანახმად, პარლამენტის აპარატში 650 პირი იქნება დასაქმებული. მათგან 4 სახელმწიფო მოსამსახურეა, 313 – პროფესიული საჯარო მოხელე, 166 – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო 167 – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებას შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად იღებენ. [IPN]

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights