გურიის მოამბე

“ჩემი ბედკრული საბჭოთა ბავშვობა და განუმეორებელი ვენერა მასწავლებელი“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულმა ამბავმა – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ, მოადგილე სოფო რამიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შემოქმედში მცხოვრებ ვენერა გოლიაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა-ჩემში სასიამოვნო მოგონებები აღძრა, რომელიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება…

მახსოვს პირველკლასელი რომ გავხდი, „ერთი სული მქონდა“ „როის გათენდებოდა“ რომ სკოლაში წავსულიყავი.. პირველი მასწავლებელი, სწორედ მასთან ასოცირდება ჩემში პირველი „შოკი“, ვერა მასწავლებელი იყო. – მშობლებმა „ალიოშას“ მაღაზიაში დააპირეს ჩემი გაშვება, (მაშინ სოფელში, მაღაზიებს, იქ მომუშავე პერსონალის სახელით ვიხსენიებდით…“ნინიკას მაღაზია“ – ცხემლისხიდი; „ბონდოზიეს მაღაზია“ – შემოქმედი-ცხემლისხიდი, ჭალა ბოხვაურის საზღვარი, „პროკოფის“ და „მალვინას“ მაღაზიები – შემოქმედის ცენტრში, “ალიოშას” მაღაზია გონების კარში იყო, სადაც მე ვცხოვრობდი) – „ცოცხალი თავით“ არ მინდოდა წასვლა. რადგან მაღაზიის პირდაპირ, ვერა მასწავლებელი ცხოვრობდა, დედამ წამიყვანა.

მაღაზიიდან რომ გამოვედით, ვერა მასწავლებლის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კარები თუ ფანჯარა ღია იყო, დავინახე ის, რომელიც ჩემთვის მაშინ „წმიდათა წმიდა იყო“ – ვახშმობდა… და ჩემში დაუჯერებელი რამ მოხდა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი თუ მასწავლებელი საჭმელს ჭამდა, ანუ, ქვეცნობიერად, ვერ წარმომედგინა, თუ მასწავლებელი ისეთივე ადამიანი იყო, როგორიც ჩემი მეზობლები, ან თუნდაც ჩემი მშობლები…

მეორე კლასში ეთერი მასწავლებელი გვყავდა უკვე…  ძალიან მკაცრი და დისციპლინირებული, ერთხელ გაკვეთილზე დავაგვიანე, მიზეზი პირველივე კითხვისას ავუხსენი, თუმცა, იმ ღამესვე ჩემს სახლს ეწვია და ჩემი ვერსია მშობლებთან გადაამოწმა….

მესამე კლასი ჩემთან ორ რამესთან ასოცირდება… პირველი პავლე მასწავლებელია.. რომელიც თითქმის ყველა გაკვეთილზე არწივს გვიხატავდა დაფაზე, „ვაი ჩვენი ბრალი“ თუ, როცა ის დაფასთან მხატვრობით იყო დაკავებული და ჩვენსკენ ზურგით იდგა, ერთმანეთს რაიმეს, თუნდაც ჩუმად გადავულაპარაკებდით, ან ვინმეს „ღმერთი გაგვიწყრებოდა“ და გაგვეცინებოდა… იმ წამსვე მოტრიალდებოდა და ხელში მქონ ცარცს გვესვრიდა… რომელიც, რატომღაც, მიუხედავად მანძილისა, პირდაპირ შუბლში გვხვდებოდა..

მეორე – პიონერთა რიგებში მიღება იყო, მახსოვს „ერთ მშვენიერ დღეს“ კლასი სრულად წაგვიყვანეს, სკოლის მეორე სართულზე სპეციალურ – მგონი „პიონერთა ოთახი“ ჰქვიოდა-ოთახში შეგვიყვანეს, საზეიმოდ გამოგვიცხადეს, რომ დღეიდან უკვე პიონერები ვხვდებოდით და „ოქტომბრელის“ სამკერდე ნიშნის ტარება აღარ შეიძლებოდა, არამედ, სკოლაში პიონერული ყელსახვევით უნდა გვევლო… ასევე საზეიმოდ, ერთხმად, ფიცი წაგვაკითხინეს, რომელშიც, ყველამ, ერთობლივად „ლენინურ იდეებს“ შევფიცეთ…

პირველ კლასში მეორე კლასელების მშურდა, მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გავმხდარიყავი „დიდი“, უკვე მეოთხე კლასში კი, უფროსკლასელების…

შურითა და ბოღმით ვუყურებდი მერვე, მეცხრე და მეათეკლასელებს (მაშინ ათწლედი იყო), გაკვეთილებს შორის , შესვენებისას, როგორ თამაშობდნენ „ლახტსა“ და გვალვიროს“, როგორ დაუნდობლად ურტყამდნენ თანაკლასელები ერთმანეთს ქამარს, თუ როგორ ასხდებოდნენ კისერში, წრეში ჩამდგართ, წრის გარშემო მგელივით მოტრიალენი….

ყველაზე ყოჩაღი ის იყო, ვისაც ისეთი ქამარი ჰქონდა, რომელიც მაქსიმალურ ტკივილს მიაყენებდა წრეში მყოფს, ანაც კიდევ, ოსტატურად მოახტებოდა ზურგზე…

ერთი სული მქონდა როდის გავხდებოდი დიდი, რომ მეც იგივე გამეკეთებინა, თუმცა, როცა წლებს თითებზე გადავითვლიდი და ექვსამდე ავიდოდი, უკვე, ეს ამბავი, ძალიან შორეულ პერსპექტივად მეჩვენებოდა და.. დაბალი კლასისათვის დამახასიათებელ თამაშში გადავერთვებოდი, როცა, ყველაზე კარგი, მოხერხებული ბრტყელი ქვით, ერთმანეთისათვის, შოკოლადისა თუ კანფეტის ლამაზი შესაფუთის წართმევას ვცდილობდით…

მეშვიდე კლასში უკვე სიყვარული გვეწვია ბევრს, პირველი (სერიოზული) სიყვარული … და დაიწყო… გაუთავებელი ჩხუბები.. საქმის გარჩევები, რომელიც დამყარებული იყო სასაცილო წესებზე…კოლექტიური თუ ინდივიდუალური “შატალოები“…

ვენერა მასწავლებლით დავიწყე, ისტორიასა და საზოგადოებათმცოდნეობას გვასწავლიდა… დაუჯერებლად კეთილი და მიმტევებელი.. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე (კუკური კეკელია) სკოლის დირექტორი იყო, ერთხელაც კი არ „ჩავუშვივართ“ – დედობრივი მზურნველობითა და მოთმინებით იტანდა ჩვენს, ხშირად ყოველგვარ ზღვარგადასულ, ქცევებს…

მართლაც ძნელი იყო სერიოზულად მისდგომოდი საბჭოთა „საზოგადოებათმცოდნეობას“ ანაც „საბჭოთა კავშირის“ ისტორიას.. ეს ვენერა მასწავლებელმა ჩვენზე უკეთ იცოდა….

სკოლის მეორე სართულზე, სადაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში დიდი კრებები იმართებოდა, დიდ კედელზე, საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრებისა და კანდიდატების სურათები იყო, თავში თავისთავად ბრეჟნევი იყო, მერე მოდიოდნენ და მოდიოდნენ, კოსიგინი, გრომიკო, გრეჩკო და რა ვიცი ათასი ოხერი…

დღეს რომ ვუკვირდები, ერთადერთი „ბედნიერება“ ამ საქმისათვის ის იყო, რომ იმ დროს ვიდეოთვალები არ არსებობდა და მეც… სულ ვიპარავდი და ვიპარავდი ამ სურათებს და ნაგვის ურნებში ვყრიდი…

ერთხელ ბატონმა კუკურიმ (კეკელია), გაბრაზებულმა დამიჭირა და მის კაბინეტში შემიყვანა.. ერთი კარგი „ბლიკვი“ მომცხო თავში და მითხრა: „შენ შვილო დებილი ხომ არ გგონივარ, კარგად ვიცი რასაც აკეთებ, ერთი ზარი და სამუდამოდ გაგაქრობენ, ამიტომ დაწყნარდი, ნუ სარგებლობ იმით, რომ შენს ოჯახს პატივს ვცემო…“

მას შემდეგ, რამდენი ამ „პოლიტბიუროს“ გვერდით ჩავიარდი „სული მიწანწკარებდა“ მარა … სიტყვა მქონდა „კუკური ბიძიაზა“ მიცემული…

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights