პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. როგორც „ინტერპრესნიუსს” საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განუცხადეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა.

მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.

როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, დღეს, დღის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი კარვებიც განთავსდება.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასმხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა.

აქციის პარარელურად სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები განათავსეს.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. სამართალდამცველებმა მათ გაფრთხილება მისცეს, რომ კარავი გონივრულ ვადაში აიღონ. დღის ბოლოს, გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარავი აიღეს, თუმცა, განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში კარავს რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად კვლავ გაშლიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share