რას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო:
1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა;
საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში;
2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში სამღვდელოების გაგზავნის და ტაძართა ახალმშენებლობებზე და გარუსულებებზე დუმილი და არ დაგმობა; ყოველი ნორმალური, ღირსების მქონე საპატრიარქო პროტესტის ნიშნად დიდი ხანია კავშირს გაწყვეტდა რუსეთის საპატრიარქოსთან.
3. საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზიების, მიწების, მეურნეობების და საწარმოების მილიონობით ლარის შემოსავლის უკონტრილო ხარჯვა და დატაცება საპატრიარქოს მაფიის მიერ. ეს შემოსავლები, რომელიც მთელი ეკლესიის საკუთრებაა და უნდა იყოს გამჭვირვალე, არც მღვდლებზე ნაწილდება და არც გაჭირვებულ ადამიანებზე, საპატრიარქო საეკლესიო შემოსავლებით არანაირ სოციალურ საქმიანობას არ ეწევა. ის რამდენიმე, თითებზე დასათვლელი სოციალური მსახურების სერვისი, რაც არსებობს ეკლესიის წიაღში, ზოგი სახელმწიფოს მიცემული დოტაციიდან არსებობს, ზოგი კერძო შემოსავლებით კონკრეტული სასულიერო პირის, თუ ტაძრის, და არამც და არამც საპატრიარქოს რეზერვებით. არაერთი მღვდელი უპატრონობით გარდაიცვალა (მაგ. დეკ. ათანასე სამტრედიაში, დეკ. იაკობ კობიაშვილი ბოლნისში და ა.შ.) ან ახლაა სასიკვდილოდ განწირული (მაგ. ფონიჭალის დეკ. იოანე წკეპლაძე), იმიტომ რომ არანაირი ფინანსური დახმარება საპატრიარქოდან და არც სხვა წყაროებიდან არ აქვთ ჯანმრთელობის და სიცოცხლს გადასარჩენად. სოცქსელში პერიოდულად ხდება გაშუქება ამ ტრაგედიების, თუმც საპატრიარქოს რეაქცია ნულია. თბილისის ერთერთი მღვდელს გადასარჩენად უცხოეთის ეკლესიის იერარქმა 2000 დოლარი გამოგზავნა, პირადი ნაცნობობის გამო, მაშინ როდესაც საპატრიარქომ ერთი კაპიკიც კი არ გაიმეტა მის სამკურნალოდ და გადასარჩეად. და ასეა მღვდლების სრული უმრავლესობა განწირული და ბედის ანაბარა. მხოლოდ საპატრიარქოს ბობოლებისთვისაა მკურნალობის მსოფლიო სერვისები მისაწვდომი;
4. სინოდის ფიქტიურობა, საეკლესიო კრებათა უგულვებელყოფა; სინოდის წევრები წინასწარ არ ეცნობიან დღისწესრიგს და არ ემზადებიან. ორსაათიან სხდომაზე ისე შედის ორმოცი კაცი, წარმოდგენა არა აქვთ რაზე უნდა იმსჯელონ, ეს უკვე ეკლესიის დაცინვაა და სრული ანტიკანონიკურობა;
5. საღვთისმეტყველო განათლების არ მქონეთა ეპისკოპოსებად და მღვდლებად მასობრივი ხელდასხმები. ეკლესიის მდგომარეობაზე განსაკუთრებით ცუდად და პირდაპირ პროპორციულად აისახება ეპისკოპოსთა უვიცობა და არაკომპეტენტურობა საღვთისმეტყველო, კანონიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებში;
6. საპატრიარქოს მიერ 1991-1992 წლის პუტჩის არცთუ ფარული მხარდაჭერა და ხელშეწყობა, პატრიარქ ილია მეორის მიერ ეროვნული ტრაგედიის გამჩაღებელ მკვლელისა და ბანდიდიტის, ჯაბა იოსელიანის ეროვნულ გმირად გამოცხადება, მისი სიონში გაპატიოსნება დიდი პატივით და ზარზეიმით დაკრძალვა დიდუბის პანთეონში, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობდა; ამიტომაც ის სამართლიანად იწოდება პუტჩისტ და წითელ პატრიარქად. არასოდეს არ დაუგმია პუტჩი და ძმათა მკვლელი ომი. თუ ვინმეს კიცხავდა ირიბად თუ პირდაპირ, ეს მხოლოდ ზვიად გამსახურდია იყო. შეიძლება გადაუჭერბებლად ითქვას: ზ. გამსახურდიას მკვლელობაზე ილია მეორე მორალურად პასუხისმგებელია, რადგან სწორედ მან ეს მკვლელები შეიყვარა, დალოცა და დაიმეგობრა; არაფერი გააკეთა ზვიადის დასაცავად და ფიზიკურად გადასარჩენად, პირიქით კი, სულმოუთქმელად ელოდა მის განადგურება-მკვლელობას. რატომღაც პატრიარქ ილია მეორის ეს ისტორიული და უცხადესი დანაშაული ერის დიდმა ნაწილმა დაივიწყა და ამოშალა საკუთარი მეხსიერებიდან; აქ ისევ და ისევ ხალხის ზომბირება-ჰიპნოზირება გაქვს სახეზე, სხვანაირად ეს წარმოუდგენელია;
7. საეკლესიო სასამართლოს არ ქონა;
8. ეკლესიის კლიროსში და მრევლში ფანატიზმის და პრორუსული იდეოლოგიის დათესვა და გაძლიერება, ეკლესიის გადაქცევა სიბნელის და ობსკურანტიზმის წყაროდ. რაც მთლიანობაში მიზნად ისახავს საქართველოს დასავლეთის ცივილზებულ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის ხელშეშლას და ქვეყნის რუსეთის მონობაში სამუდამოდ დარჩენას.
9. ეკლესიის მაღალიერარქთა არნახული ფუფუნება და მეშჩანიზმი, რომლის მაგალითს თავად პატრიარქი იძლევა უძვირესი მანქანელებით, დაცვის არმიით და ფეშენებელური სასახლე-რეზიდენციებით თბილისში, ბობოყვათში და ა.შ. რომლებიც გამოტენილია ანტიკვარიატითა და სიმდიდრით;
11. საპატრიარქოს გადაქცევა არა ღარიბთა და ქვრივ ობოლთა თავშესაფრად და საყრდენად, არამედ მილიონერთა, მილიარდერთა და ძალაუფლების მქონეთა სანავარდოდ. პატრიარქის პერსონა არათუ უბრალო ადამიანებისათვისაა მიუღწეველი და მიუკარებელი, მღდლებისთვის აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც კი ასე უკვე უამრავი წელია. ამ მდგომარეობის სიმპტომატური ტრაგიკული ასახვა იყო ამ ორიოდე წლის უკან პარლამენტის წინ, 9 აპრილის გმირთა მემრიალთან პატრიარქისადმი ვედრება-მუდარით აღძრული გაუბედურებული, სასოწარკვეთილი უცნობი ქალის უგულვებელყოფა პატრიარქისაგან და ყურადღების არ მიქცევა, არ დახმარება და ზურგის ქცევა. ამას ხომ ქრისტე არასდროს იზამდა?! ეს კადრები მთელმა ერმა იხილა ეთერებში, მაგრამ არ მიეცა სათანადო შეფასება და დავიწყებას მიეცა. სადაა დღეს ქრისტე საპატრიარქოში?! მის ნაცვლად ხომ იქ აღმართულია ძალაუფლებისა და სიმდიდრისმოყვარეობის სატანური მამონას კერპი, რომელმაც ქრისტე და ქრისტეანობა დიდი ხანია განდევნა საქართველოს საპატრიარქოდ წოდებული ორგანიზაციიდან, ხოლო ხალხის და ხელისუფლების დიდი ნაწილი გადააქცია პატრიარქის პიროვნების კულტის მონად, ახალ ფარისევლებად და ახალ სადუკევლებად. საბჭოთა პატრიარქის წინ მუხლებზე მფორთხავი პრემიერები და მაღალჩინოსნები, ესაა დღევანდელი დაქცეული საქართველოს სახე.
კიდევ ბევრის გაგრძელება შეიძლებოდა, მაგრამ ვგონებ ესეც მრავლის მთქმელი და საკმარისია, იმის ასახსნელად, რომ იგივე და უარესი სიტუაციაა საქართველოს ეკლესიაში, ვიდრე 1104 წლისთვის იყო “რამეთუ წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა. და თჳთ სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, რომელთა თუალი ღმრთისა ხედვიდა ყოველთა და განრისხებულ იყო” (დავით აღმაშენებლის მემატიანე, ქართლის ცხოვრება).
ამიტომ, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს დიდი საეკლესიო კრება, რომელიც წმინდა კანონთა მიხედვით მოაწესრიგებს საქართველოს ეკლესიის ფუნდამენტურ პრობლემებს და ეკლესიაში აღადგენს ქრისტეს მცნებებს და მართლწესრიგს!