პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის განხილვა იწყება. დოკუმენტი საარჩევნო პროცესში მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის ერთ-ერთი ჩანაწერი, სკოლების და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ეხება, რომლებსაც საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. დამრღვევი პირი კი – 2000 ლარით დაჯარიმდება.
„საჯარო მოხელეები, პედაგოგები, საბავშვო ბაღის მასწავლებლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. დაისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით“, – ვკითხულობთ საკანონმდებლო ინიციატივის პროექტში.
დოკუმენტის თანახმად, არჩევნებზე მისული ადამიანის იდენტიფიკაცია, შესაძლებელი იქნება თითის ანაბეჭდით და არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.
ხმების დათვლა შესაძლებელი იქნება ელექტრომანქანებით, რითაც ოქმების გადასწორება და შესწორება შეუძლებელი გახდება. საარჩევნო უბნებთან, 100 მეტრის მანძილზე აკრძალული იქნება ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, რაც ასევე 2000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.
საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორები პარტია „ქართულ ოცნება“ და „მოქალაქეები“ არიან. დოკუმენტი კენჭისყრის დღის წესებთან ერთად, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალ წესს და თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული მანდატების ზრდასაც ითვალისწინებს.
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში შემდეგი არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, სადაც მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (მერებს და საკრებულოებს) აირჩევენ და სწორედ ამ არჩევნებისთვის უნდა ამოქმედდეს ახალი წესები. თუმცა როგორც ცნობილია, ქვეყანაში არსებული ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.