„გირჩი” პარტიის სიიდან ყველა ქალი კანდიდატის ჩახსნას გეგმავს

პარტია “გირჩი“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სიიდან ყველა ქალი კანდიდატის ამოღებასა და ამ მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიმართვას გეგმავს.

მიზანი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრად ცნობაა. ამავე მიზნით დეპუტატის მანდატს სალომე მუჯირი დათმობს, რომელიც “გირჩის“ სიით გასული პარლამენტის უფლებამოსილი წევრია.

“გირჩი“ ახლა იმ სამართლებრივ-პროცედურული საკითხების გარკვევის პროცესშია, რაც რაქვიაშვილისთვის დეპუტატის მანდატის მინიჭებისთვის არის საჭირო.

“ჩვენმა ყველა მხარდაჭერმა იცოდა, რომ გენდერულ კვოტირებას მხარს არ ვუჭერთ და მას გვერდს ავუვლით. სიაში ყველა ჩაიხსნება. ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს. ჩვენ არ ჩავხსნით მთლიან საარჩევნო სიას. ეს მარტო ქალებს შეეხებათ – ჩვენ სიაში ყველა ქალი ნომინალურად არის ჩასმული“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელიც პარლამენტის წევრ თანაპარტიელებთან ერთად ყოველ დღე პარლამენტშია და ჟურნალისტების კითხვებსაც პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხობს.

არ არის გამორიცხული, თუკი საარჩევნო სიიდან მხოლოდ ქალების “ჩახსნაზე“ ცესკოს პარტია მიმართავს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამაზე უარი თქვას, რადგან ასეთი გადაწყვეტილებით, შესაძლოა, “საარჩევნო კოდექსში“ ჩადებული გენდერული კვოტირების პრინციპი დაირღვეს. კვოტირების პრინციპი რომ არ დაირღვეს, სავარაუდოდ, მთელი სია უნდა ჩაიხსნას – როგორც ქალები, ასევე კაცები და სიაში მხოლოდ ალექსანდრე რაქვიაშვილი დარჩეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს ნორმას, როცა სიაში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია სიიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზნით, ცესკოს პირადი განცხადებით მიმართოს.

“საარჩევნო კოდექსით“, ცესკოში რეგისტრირებულ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენლი უნდა იყოს. გენდერული კვოტირების პრინციპი მოქმედებს დეპუტატის ადგილმონაცვლეობის შემთხვევაშიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share