(რეზონანსი) მე ვარ ადამიანი, ვინც გაანათა საქართველო ჩემს გუნდთან ერთად. ვინც ამას დამაყვედრის, ის არის უბრალოდ იდიოტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე დაბალი დენის ტარიფი იყო. „ჩვენ დავასრულეთ კორუფცია შევარდნაძისეულ ენერგეტიკაში, ავამუშავეთ ჰესები, დავიწყეთ ახლების მშენებლობა და ჩვენ მივიყვანეთ დენი თითოეული ქართველის სახლში. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დენის ტარიფი გვქონდა ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. ისე კი არ იყო ახლა რომ გაუძვირეს ელექტროენერგია ყველა ბიზნესს და გაძვირდა გაზი. ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი. გვქონდა მზის ენერგიის განვითარების გეგმები, „საქართველო ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნის პროექტი“ ვერა ქობალიასთან ერთად. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება არის დიდი ქალაქის აშენება შავ ზღვაზე, მაღალი ტექნოლოგიების, სერვისების ექსპორტზე. ჩვენს საკმარის დენს ჩვენ ყოველთვის ვიშოვით. რაც შეეხება დამატებით თურქეთში ან სადმე დენის გაყიდვას, უკაცრავად, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ცხოვრების მთავარი ამოცანა და მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. მას შემდეგ, რაც ჩვენ „ნამახვანჰესზე“ დავიწყეთ ლაპარაკი, საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურა შეიცვალა და უკაცრავად, ვიღაცამ, უცხოპლანეტელმა კი არ შეცვალა, მე შევცვალე ტურიზმით. ძალიან ბევრი სხვა სფერო გაჩნდა, საიდანაც შეიძლება, რომ საქართველომ შემოსავალი მიიღოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.