გილოცავთ არამხოლოდ იმიტომ, რომ “ქალების გარეშე აბა ჩვენს ცხოვრებას რა აზრი აქვს” და ბლა-ბლა-ბლა. ეს ისედაც ზეპირად ვიცით – სადღეგრძელოდან სადღეგრძელომდე.
ფარისევლობა კი კარგად გვეხერხება. ეს ნაწერიც ალბათ ფარისევლური უფროა. იმიტომ, რომ მეც უამრავჯერ დამიშავებია მათთან. მერე რა, რომ უმეტესად ვერც კი ვხვდებოდი – შეიძლება გული ტკენოდათ. გვიან კი, მაგრამ მაშინ ვერ. ალბათ ცოდვილთა შორის უარესი არ ვარ, მაგრამ მეც იმ ზღვაში ვტივტივებდი, სადაც ჩვენ, კაცები, უფრო შორს ვცურავდით და ქალები ნაპირისკენ.
აი, თუნდაც იმ ბნელ, შორიახლო წლებში, ხან მაინც ხომ გვახსოვს, რომ ჩვენ ქალებმა გადაგვარჩინეს. უმეტესი ან ვყაჩაღობდით, ან გვეძინა, ან მთვრალ-გაჩხერილი ქუჩაში ვბარბაცებდით – ისინი ბენზინს ყიდდნენ და პურს აცხობდნენ. სტუმარი რომ მოდიოდა, ,,ქუხნაში” იდგნენ. მხოლოდ სადღეგრძელოზე დავუძახებდით, მაგიდის კუთხესთან დავსვამდით.
ვაჟკაცობა სიმართლის თქმა უფრო მგონია. და ეს სიმართლეც ნახევარსიმართლეა, რადგან ადამიანებს არათუ სახალხოდ ლაპარაკი გვეძნელება, აღსარებაშიც კი არ ვაღებთ ყველა ოთახს. მეც, შენც და ისიც. ამ ოთახების გაღება არც არის ახლა უმთავრესი. მთავარი მომავალია. და ეს მომავალი გვკარნახობს, რომ ყოფილმა ქმარმა კვირაში ორი ცოლი არ უნდა მოკლას. კვირაში კი არა, საერთოდ არ უნდა მოკლას. მოკლას კი არა, საერთოდ არ უნდა იძალადოს. იძალადოს კი არა… და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ მოკლავს ან იძალადებს, ჩვენ, კაცებმა უნდა ამოვიღოთ პირველ რიგში ხმა.
ეს დღე, ცხადია, პატარა ნინის ეძღვნება. იმ გაუგონარი, მრავალმხრივი სისასტიკის მსხვერპლს. ყრუ სისასტიკის, რომელსაც ახლა მაინც, ხმა უნდა გავაგონოთ.
ამიტომაც, კაცებო, გილოცავთ 8 მარტს! ანუ ჩემს თავსაც ვულოცავ – გამოფხიზლების სურვილით!
გიორგი კეკელიძე.