“ყველაფერი ან არაფერი – 30 წელია ქართული პოლიტიკა ამ ფორმულით იმართება”

გასართობად კარგი საყურებელი იქნებოდა, ჩვენს თავს რომ არ ხდებოდეს: პრემიერი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს გვილოცავს და ოდნავ კრიტიკულ სტუდიებში არ დადის; “თქვენთან ერთად გვიხარია და ნოვრუზს ვდღესასწაულობო” და ჩვენს თანამოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს თუნდაც ერთი ღამით კომენდანტის საათს არ უხსნის, და “ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართო” და ქვეყნის ელჩი, ამ გაგანია კრიზისისა და ევროპული ინსტიტუტების უპრეცედენტო ჩართულობის ფონზე უბრალოდ კი არ მიდის – გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებს.. ყველაფერი ან არაფერი – აგერ უკვე 30 წელია ქართული პოლიტიკა ამ მანკიერი ფორმულით იმართება.

ევროკავშირმა შესაძლებლობა მოგვცა ეს ჩიხური მიდგომა სამუდამოდ შეგვეცვალა. კვლავ არაფერი გამომგვივიდა. მიზეზი მარტივია: ივანიშვილმა ისევ ყველაფრის წაღება მოინდომა, ოპოზიციას კი, რომელიც გონივრულ ფარგლებში დათმობისთვის აშკარად მზად იყო, პარლამენტში თვითგანადგურების ფასად შესვლის გარდა სხვა შანსი არ დაუტოვა. მეტიც, ქართული ოცნება შეეცადა ევროკავშირის ფაქტორი, მოლაპარაკებაში ჩართული პრეზიდენტ მიშელისა და სპეცწარმომადგენლის სახით, მანიპულაციის მექანიზმად ექცია და ოპოზიციაზე წნეხის გასაზრდელად გამოეყენებინა. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას კომპრომისული ნაბიჯი გადაედგა მედიატორებისგან ისედაც ზეწოლის ქვეშ მყოფი ოპოზიციის მხრიდან მეტი დათმობების მისაღებად, რაც მხარეებს ისეთ შეთანხმებამდე მიიყვანდა, სადაც ორივენი სახის შენარჩუნებას შეძლებდნენ, მმართველმა გუნდმა უკიდურესი სიხისტით ეს სცენარი უბრალოდ შეუძლებელი გახადა, რის შემდეგაც მედიაციამ აზრი დაკარგა და მოლაპარაკება ჩაიშალა. შესაძლოა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ასეთი უკომპრომისობით ბრძოლის ეს რაუნდი პირწმინდად მოიგო: ოპოზიცია დაასუსტა, ევროკავშირის როლი დააკნინა და დროებით მაინც თავიდან მოიშორა, ოცნების ამომრჩეველთან ქულები ჩაიწერა და საკუთარი უძლეველობის მითი გააძლიერა. თუმცა პირიქითაა: კრიზისის გაღრმავებით ხელისუფლებამ საკუთარი თავი და ქვეყანა ბევრად უარეს მდგომარეობაში ჩააყენა: წააგო საქართველომ, წააგო ევროკავშირმა და დასავლეთმა, წააგო ხელისუფლებამ, წააგო ოპოზიციამაც, ერთადერთი ვინც მართლა მოიგო, მინიმუმ მოკლევადიან პერსპექტივაში, მოსკოვია, რომლის ინტერესებშიცაა საქართველოში პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისის მაქსიმალურად გახანგრძლივება და გაღრმავება, ქვეყნის რეპუტაციის ბოლომდე შელახვა და დასავლური ორბიტიდან მოწყვეტა. თუმცა, ევროკავშირსა და დასავლურ სამყაროს, რომელიც ოცნების მხრიდან ამ დონის თავხედობას ნაკლებად ელოდა, აქტიურობისთვის მეტი მოტივაცია გაუჩნდა.

ევროპარლამენტში უკვე გაისმა განცხადებები, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც ბრიუსელის მხრიდან გაწვდილი დახმარების ხელი არ მიიღო. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იხილავს საქართველოს საკითხს. ზეგ უკვე ამერიკის სენატშია მოსმენა დაგეგმილი. ახლახანს შექმნილი ევროპარლამენტარების არაფორმალური ჯგუფი საქართველოში სპეციალურ ვიზიტს გეგმავს. და თუ ოცნების ხელისუფლება კრიზისის მოგვარებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რაც მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა, თავისუფალი სამყაროსთვის აშკარა გახდება, რომ მმართველი ძალა ქართულ დემოკრატიას და ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას, არა უბრალოდ პოლიტიკური ეგოიზმით, არამედ მიზანმიმართულად აზიანებს, რის შესაჩერებლადაც დასავლეთს, მედიაციის პარალელურად, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ვითარება რომ უკიდურესად კრიტიკულია ამას მიანიშნებს დღეს ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის თანამდებობიდან მოულოდნელი გადადგომაც, რაც პრემიერის ბრიუსელში “ხელცარიელი” ვიზიტისა და ხელისუფლების გამო ჩაშლილი ევროპული შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე ხდება. ძალიან ბევრისთვის, მათ შორის ალბათ ქალბატონი საბანაძისთვისაც ნათელი გახდა, რომ ივანიშვილი მზადაა ძალაუფლება ყველაფრის, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროატლანტიკური მომავლის თუ მოქალაქეების კეთილდღეობის ფასად შეინარჩუნოს. რაც ოპოზიციურ ძალებს ხელ-ფეხს უხსნის და ვალდებულებასაც კი აკისრებს, რომ ბრძოლა ბევრად მწვავე გახადონ და საერთო ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ წაიყვანონ. ფართო საზოგადოებას კი მიზეზი უჩნდება პროტესტისთვის, რომელიც პოლიტიკურ თუ საარჩევნო მოთხოვნებს ცდება და პირდაპირ მათ გაუარესებულ ყოფას უკავშირდება, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა, კოვიდ პანდემიისა და ვაქცინაციის პროცესის კატასტროფულად არაეფექტური მართვა, გახანგრძლივებული უაზრო შეზღუდვები და სხვა არაერთი პრობლემა, რაც მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას სერიოზულად ზრდის.

ხვალ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საქართველოს მიწაზე, გაუტეხლობის, სიმტკიცის და სიმამაცის სიმბოლოს დათა პაპას, იგივე დავით ვანიშვილს დაკრძალავენ. ადამიანს, რომელმაც საკუთარი სახლი სიცოცხლის ფასად არ დატოვა და სამართლიანად იქცა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ადამიანურ გამოხატულებად. ბრძოლის, რომელსაც დათა პაპა გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს. მის ნეშტს “ოკუპირებული სასაფლაო” მიიბარებს, სადაც ყოველ აღდგომას, მავთულხლართებს აქეთ დარჩენილი თანასოფლელების თხოვნას ასრულებდა და მათ წინაპრებთან წითელი კვერცხი მიქონდა.. “სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიან” – ეს იყო მისი მეუღლისთვის ნათქვამი ბოლო სიტყვები და ფაქტობრივად ანდერძიც. რწმენით სავსე ანდერძი, რომ ქართველები არათუ დათა პაპას ან მის მეუღლეს, არამედ ქართული სახელმწიფოს იდეას არ მივატოვებთ, რომელიც ხანდახან ერთი ადამიანის ბედში აირეკლება და რომლის პერსპექტივაც, ზოგჯერ მოლაპარაკებათა მაგიდასთან უცხოელი მეგობრების მიერ ძალდატანებით მოყვანილი და პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანების ხელში აღმოჩნდება ხოლმე. და ეს ასე იქნება მანამ, სანამ ქვეყნის ბედს თავად ქართველი ხალხი არ განსაზღვრავს, დათა პაპასავით რწმენით სავსე ახალ სიცოცხლეს არ შთაბერავს და პრიმიტიული ძალაუფლების სათამაშო მოედნიდან დიდ, საერთო ეროვნულ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეად არ აქცევს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუჩნდება შანსი ქვეყანას გახდეს სრულფასოვანი, რიგითი ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, დემოკრატიული სახელმწიფო და არა კორპორაცია სახელად “საქართველო”, რომელიც დათა პაპასნაირების ღირსი ნამდვილად არ არის!

გიორგი თარგამაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share