ირაკლი კობახიძე ადამ კიზინგერის ხისტ განცხადებას მოისმენს – თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში კონგრესმენ ადამ კიზინგერთან ექნება.

CNews-ის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეეცდება, კიზინგერი დაარწმუნოს, რომ პროცესი საქართველოში კონსტიტუციურ ჩარჩოში მიმდინარეობს და კრიზისი ოპოზიციის მიერ ხელოვნურადაა ინსპირირებული.

ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული „საშინაო დავალება“ ასევე, მოიცავს კონგრესმენების, სენატორებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ სანქციების დაწესება და ევროპარლამენტარების სულისკვეთების გაზიარება შეცდომა იქნება.

მთავარი არგუმენტი, რომლითაც კობახიძე ვაშინგტონში წარდგება, რეგიონალური საფრთხეა, „რომლის წინაშეც გამკლავება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ძალუძს“.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის წინ, ვაშინგტონში ინფორმირებული წყაროს მეშვეობით, CNews-სისთვის ცნობილი ხდება რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კიზინგერის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით.

„ასეთი შეხვედრების დროს ამერიკული დიპლომატია ითვალისწინებს კონგრესმენებისა და სენატორების გახსნილობას, რაც საჯაროდ არ კეთდება. დანამდვილებით ცნობილია, რომ კიზინგერი და სხვა კანონმდებლები საკმაოდ მკვეთრნი და ხისტი იქნებიან კობახიძესთან შეხვედრის დროს.  მათი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ – ხელისუფლებამ ვერ შეძლო საქართველოში კრიზისის განმუხტვა და განსაკუთრებულად დიდი დარტყმა მიაყენა ევროკავშირის, როგორც პროცესის მედიატორის, ასევე, აშშ-ს, როგორც მონაწილის რეპუტაციას. უმარავი ფაქტორის გათვალისწინებით, კიზინგერი პერსონალურად იქნება ძალიან ხისტი და კობახიძეს პირდაპირ ეტყვის – გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები. ის არც კი მოისმენს კობახიძის არგუმენტებს, რადგან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მეშვეობით კარგად არის ინფორმირებული არსებულ ვითარებაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინის კონტექსტში არასტაბილური და მოწყვლადი საქართველო სულაც არ შედის აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში. კიზინგერი დარწმუნებულია, რომ ეს ვითარება ხელისუფლებამ შექმნა“, – განუცხადა ინფორმირებულმა წყარომ ვაშინგტონიდან CNews-ს.

კითხვაზე, რამდენად ექნებათ ანალოგიური პოზიცია სხვა კონგრესმენებსა და სენატორებს, CNews-ს განუმარტეს: „ცხადია, ერთი-ერთზე შეხვედრები იქნება საკმაოდ მწვევე, საჯარო განცხადებები – მოზომილი. საბოლოო პოზიციის ფორმირებას კი სახელმწიფო დეპარტამენტი მოხდენს, რომელსაც ახლა კობახიძესთან პოლიტიკური ფლირტისთვის ნადვილად არ სცალია“.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ამერიკული Think Tank-ების ხელმძღვანებელთან გამართავს შეხვედრებს.

ასევე, უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება. მიქანაძე ვერ აკონკრეტებს, მაგრამ ვარაუდობს, რომ კობახიძე შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდეს.

„მე არ ვიცი, ვისთან არის დაგეგმილი შეხვედრა. ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირველ პირებთან არის. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომლის თაობაზეც დარწმუნებული ვარ დანიელსონმა ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა,“- განაცხადა მიქანაძემ „პალიტრანუსის“ ეთერში.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა. ამასთან, CNews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩმა დეგნანამა სახელმწიფო დეპარტამენტიდან კონკრეტული დავალება მიიღო, რომლის შინაარსიც ასეთია: საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ სრულად ეთანხმება ევროკავშირის ძალისხმევას კრიზისის მოგვარების საკითხში და კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, შეუერთდება ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დაწესდება.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share