2019 წლის ბოლოს, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ, ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი.
მათი ინფორმაციით, ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ისეთი ნაკლოვანებები გამოვლინდა, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების უტყუარ და სამართლიან წარდგენას ვერ უზრუნველყოფს.
2019 წლის დეკემბრის თვეში გრანტის სახით მიღებული 4,758,776 ლარის სატრანსპორტო საშუალებები, ქვედანაყოფის მიერ აღრიცხულია დაგვიანებით, 2020 წლის თებერვალში. ზოგიერთ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად. მაგალითად, 2019 წელს ქვედანაყოფების მიერ მიღებული 3,734,819 ლარის16 ღირებულების განუბაჟებელი აქტივები, თანხობრივად აღრიცხული არ არის.
მეორე ქვეით ბრიგადას 2018 წლის აგვისტოში გადაეცა 1,603,967 ლარის სათადარიგო ნაწილები, რომელიც ბრიგადის მიერ აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად. ერთ-ერთ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანება, ღირებულებით 39,280 ლარი, ჩამოწერილია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიას დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივების სამინისტროსთვის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელს დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია, სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა და აქტივების შემოსავლებში აღრიცხვა, ხოლო ქვედანაყოფის მიერ მარაგები მიღებული და შესაბამისად აღრიცხული არ არის.
საინჟინრო ბრიგადამ 2019 წელს სამხედრო სისტემებს დაარიცხა 1,936,540 ლარის ცვეთა, თუმცა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული აღნიშნული კატეგორიის ქონებაზე ცვეთის ნორმა. მონაცემთა სხვაობის მიზეზები დაკავშირებულია სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობასთან და რიგ შემთხვევებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციასთან, – ნათქვამია ანგარიშში.
ამ ინფორმაციას, მოგვიანებით თავად თავდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პრობლემა, რაზეც აუდიტის სამსახური საუბრობს, 2020 წელს აღმოიფხვრა.
თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების 2019 წლის აუდიტში გაწერილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, მათ მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს აღმოიფხვრა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით რეკომენდაციების შესრულება ამ დრომდე გრძელდება.