ჩვენი აქ შემოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდა – ასე დაიწყო სალომე სამადაშვილმა თავისი გამოსვლა პარლამენტში. იგი პირველ რიგში გიორგი რურუასა და ნიკა მელიას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ მათი გათავისუფლების თემა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. დღეს, პირველ რიგში, ამ დარბაზიდან მინდა, მივესალმო პოლიტპატიმარ, ნიკა მელიას, პოლიტპატიმარ, გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ გახდეს ნაბიჯი წინ, რომ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია, პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის განცახდებით, ქართველი ხალხის მეხისერებიდან არასდროს ამოიშლება 20 ივნისის მოვლენები, თუმცა ამნისტია არის გზა არა დავიწყების, არამედ იარების მოშუშების
ვერასდროს და ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან, რაც იმ დღეს მოხდა, როცა დაიცვა ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ვერ ამოიშლება ის დღე, როდესაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დარბაზიდან გავაძევე ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როცა ნიკა მელიას დასაპატიმრებლად მოეხსნა იმუნიტეტი – ამბობს სამადაშვილი.
საქართველოს მეათე მოწვევის დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამნისტია ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი უნდა გახდეს.
ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ. იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, ტკივილს და შევძლოთ საზოგადოებამ, რომ წინ წავიდეთ. თუმცა წინ ჩვენ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ძალიან ფართო დისკუსია ამნისტიის კანონპროექტზე, თუმცა ცხადია, ჩვენ ვიცავთ სულისკვეთებას იმ შეთანხმების, რომელსაც ხელი მოვაწერეთ”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.