ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს. პარტიის ოფისთან მოწყობილ სცენაზე მმართველი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც.
“მაგარი ხალხი ვართ ქართველები”. -თქვა ივანიშვილმა.
იმედის ეგზიტპოლის მიხედვით, ქართულ ოცნებას მხარი ამომრჩევლის 55%-მა პროცენტმა დაუჭირა. ენმ-ს -23%-მა. ევროპულ საქართველოს – 3%-მა.
“მინდა, მადლობა გადავუხადოთ ამომრჩეველს, ლიდერებს, ქართული ოცნების აქტივისტებს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ქართული ოცნება მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა, ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ თქვენი გამჭვირვალე გონებისთვის” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
Edison Research-ის მიერ ფორმულას დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე ხმების 46% მიიღო. ენმ-მ – 28%; ევროპულმა საქართველომ – 5%; გირჩმა – 3%; პასუხზე უარი თქვა – 50%-მა.
დღეს, საარჩევნო დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთი დარღვევა გამოვლინდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროცესს აკვირდებიან, იყო ძალადობა, ამომრჩევლის ნების კონტროლი, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პირდაპირი მოსყიდვა და სხვა შემთხვევები.