დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადის 30 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება.
რაც შეეხება იმას, ხომ არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები ვაქცინასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ არა, პირიქით, ვაქცინა ანტისხეულებისთვის ბუსტერი იქნება.
„არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები აცრასთან. პირიქით, ეს არის დამატებითი ბუსტერი ანტისხეულებისთვის, კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ გაზაფხულზე ჩვენ გარკვეულად ვაქცინის უკმარობა გვქონდა ქვეყნაში, ანუ მოთხოვნილება ჭარბობდა მიწოდებას. ამიტომ, ამ დროს ჯობს ერთი აცრით მაინც აცრა ადამიანები, რაც შეიძლება მეტი და შეიძლება მეორე არც გაიმეორო. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ერთჯერ აცრა საკმარისია. ესეც შეიძლება. ამიტომ ჩვენ შევაჯერეთ ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და სხვა რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. რადგან ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ ჯობს დღეს ადამიანები აიცრან [30 დღეზე]”, – განაცხადა გამყრელიძემ.