გერმანე გოგიტიძე – ზურგეთის ისტორია ძალიან ბევრი საინტერესო ადმიანის მოღვაწეობისაგან შედგება, რომელთა შორის ალბათ განსაკუთრებულია გერმანე გოგიტიძე, რომელმაც ოზურგეთიდან მოახერხა ქართულ კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა.
ქართული კინოინდუსტრიის ერთ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანე გოგიტიძე 1886 წელს ოზურგეთში დაიბადა. გოგიტიძემ უმაღლესი იურიდიული განათლება პარიზში მიიღო, 1910 წელს გოგიტიძე საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მეუღლესთან ერთად, ოზურგეთში დასახლდა და 1914 წლის ზაფხულში ოზურგეთში თეატრის მშენებლობა დაამთავრა, თეატრი 300 მაყურებელს იტევდა და მოძრავი სცენა ჰქონდა. თეატრსა და კინოზე უზომოდ შეყვარებული გოგიტიძე თეატრში თავად იყო დამდგმელი რეჟისორიც, მსახიობიც, რეკვი¬ზიტორიც და ბილეთების გამყიდველი.
რამდენიმე წელში გოგიტიძემ თეატრი კინოთეატრად გაადააკეთა, რომელსაც „ილუზიონი“ უწოდა სადაც სპექტაკლებთან ერთად უცხოურ კინოფილმებსაც აჩვენებდა, როგორც ამბობენ ერთერთი კინოსეანსის დროს გოგიტიძეს ქართული ფილმის გადაღების იდეა დაებადა, რის შედეგადაც ქართულმა საზოგადოებამ 1915 წელს პირველი ქართული ფილმი „ქრიტინე“ მიიღო, რომელიც ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის სცენარით გადაიღო ოზურგეთელმა ალექსანდრე წუწუნავამ, ხოლო პროდიუსერი გახლდათ გერმანე გოგიტიძე, ფილმის ძირითადი ნაწილიც გურიაშია გადაღებული.
სამწუხაროდ 1918 წელს ოზურგეთი თურქებმა დაიკავეს და კინოთეატრიც დააიწვა, კინოთეატრთან ერთად დაიწვა გოგიტიძის კინოფირებიც.
გერმანე გოგიტიძე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში დოკუმენტურ ფილმებს იღებდა მის მიერაა გადაღებული: „დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს“ და „სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში, 12 დეკემბერი 1918 წლისა“,. იღებდა მცირემეტრაჟიან დოკუმენტურ სიუჟეტებს: „ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის“ „აზერბაიჯანის ფრონტი“, „ბათუმის სიმაგრეები“, „1919 წლის 26 მაისი“, „მეორე ინტერნაციონალის ლიდერთა დელეგაცია“ და ა.შ.
აკაკი ბაქრაძე წერდა: „ვისაც ჰქონია შემთხვევა ენახა მენშევიკური ხელისუფლების დროს გადაღებული კინოქრონიკის ნაკუწები, იგი ეკრანზე გერმანე გოგიტიძესაც დაინახავდა. დღეს შეიძლება გაგეღიმოთ კიდეც – როგორი სიმკვირცხლით, ბავშვური ხალისით ხელმძღვანელობს იგი გადაღებებს.“
1919 წელს გერმანე გოგიტიძისა და კოოპერატივთა კავშირის შეთანხმებით დაიწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და დაბებში ფილმების ორგანიზებული ჩვენება, რამაც საქართველოში კინოინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი.
გასაბჭოების შემდეგ „სახკინმრეწვის“ დირექტორი გახდა, 1920-იანი წლებში გოგიტიძე გერმანიაში ფილმ „ნიბელუნგების“ რეჟისორ ფრიც ლანგთან შესახვედრად იქნა მივლენილი, „ვეფხიტყაოსნის“ ეკრანიზაციის საკითხის გადასაწყვეტად. გოგიტიძემ ლანგი კი დაითანხმა მაგრამ ფილმის ხარჯაღრიცხვა იმდენად დიდი გამოვიდა, რომ ფილმის გადაღებაზე უარი თქვა. თუმცა მთლიანობაში გოგიტიძემ დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და მის პროპაგანდაში. მისი ძალისხმევით მოხერხდა ძალიან ბევრი ქართული ფილმის უცხოეთში ჩვენება.
საბჭოთა ხელისუფლებამ 1949 წელს გოგიტიძე დააპატიმრა და წამების ქვეშ აიძულა უცხო ქვეყნის ჯაშუშობა ეღიარებინა – “შემიყვანეს რომელიღაც საიდუმლო ოთახში, გამაშიშვლეს, დამაწვინეს იატაკზე და მათრახით ცემა დამიწყეს. მხეცი მურადოვი (გამომძიებელი) ფეხებით შემდგა და თიაქარზე მაწვებოდა. სული მეხუთებოდა…” წერდა გოგიტიძე. გოგიტიძე 15 წლით კომის ასსრ-ში გადაასახლეს, სადაც მუშაობდა ქვანახშირის მოპოვებასა და სხვა მძიმე სამუშაოებზე. პატიმრობიდან ვადაზე ადრე, 1956 წელს გაათავისუფლეს, რამდენიმე წლის შემდეგ 1960 წელს იგი გარდაიცვალა.