15 სექტემბრიდან სახელმწიფო აღარ აანაზღაურებს იმ ჯგუფების ტესტირებას, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსზე გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან და ვაქცინაზე უარს ამბობენ, 15 სექტემბრიდან სახელმწიფო მათ ტესტირებას აღარ აანაზღაურებს.

გამყრელიძის თქმით, ტესტირება სახელმწიფოს საკმაოდ დიდი თანხები უჯდება, ამიტომ,  ტესტირებები უფასოდ ჩაუტარდებათ იმ ესენციურ ჯგუფებს, რომელებიც სრულად ვაქცინირებულები იქნებიან.

“საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში. ბოლო 1 თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 000 ყოველდღიური ტესტი PCR და ანტიგენის ტესტი. ამიტომ, სადღაც 15 სექტემბრიდან ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, ვინც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით. მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ. მაგრამ თუ ვაქცინირებული იქნებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას, მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებული, მაშინ ან დამსაქმებელმა ან თვითონ უნდა გადაიხადოს”,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share