საქართველოს რკინიგზა 32-მილიონიან ზარალზეა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ წელს უკვე 32 მილიონი ლარით იზარალა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ იანვარ-ივნისში 277.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 32.3 მილიონი ლარით მეტია. შემოსავლის მატება, სავარაუდოდ, გადაზიდვების ზრდამ გამოიწვია, რადგანაც წლის პირველ ნახევარში კომპანია 6 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2020 წელთან შედარებით 0.5 მილიონი ტონით მეტია.

თუმცა, გაზრდილი შემოსავლები არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა სახელმწიფო კომპანია ზარალის ნაცვლად, მოგებაზე გასულიყო.

ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ რკინიგზისთვის მთავარი დანახარჯი არა საოპერაციო ხარჯები, არამედ ფინანსური ხარჯები იყო, რამაც 2021 წლის 6 თვეში 184.6 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, წინა წელს ფინანსური ხარჯები 121 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, რკინიგზამ მის 12,500 დასაქმებულს ხელფასის სახით 2021 წლის 6 თვეში 84.6 მილიონი ლარის ხელფასები ჩაურიცხა.

ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო ხარჯების მოცულობამ 21.6 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის “სხვა ხარჯები” კი 46 მილიონი ლარი იყო. ამასთან, რკინიგზის აქტივების მოცულობა 35 მილიონი ლარით გაუფასურდა.

წელს საქართველოს რკინიგზამ 2012 წელს აღებული $500-მილიონიანი ვალის რეფინანსირება მოახდინა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის ობლიგაციები 4%-იან განაკვეთში განთავსდა.

“საქართველოს რკინიგზის” 100%-იანი წილი “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 489.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.3%-ით ნაკლები იყო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის ზარალმა 164.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2019 წელს კი ზარალი 5.6 მილიონი ლარი იყო.

წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მასშტაბური – 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ – 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share