რას წერდა გურულ ქალზე ჟურნალი “მოგზაური” 1901 წელს

გურული მანდილოსანი რა ადგება დილით ქათმებს აპურებს, ძროხას წველის და მათ ღორებთან ერთად საბალახოზე უშვებს;
შემდეგ ამისა სამზარეულოში ხვეტს, სწმენდს და ცეცხლს ანთებს, კვერს ზელს და აცხობს;
მის გამოცხობაში სახლ-კარს მიალაგებს და შემდეგ კვერსაც იღებს ცეცხლიდგან, გარეცხს მას და წვრილ შვილთან ერთად მითი თავს იხებსებს (საუზმე), შემდეგ ამისა კი ყანის მუშის სადილის მზადებას შეუდგება.
აიღებს კოთხოს ანუ კალათას და გარბის წისქვილში ფქვილისათვის, ახვეტს და სასადილოდ წამოიღებს;
გაცრამდინ და მოზელამდის კეცს დაადგამს კარგს გაჩაღებულ ცეხლზე, წყალს საჩაროდ გაათბობს ფქვილის გაცრაში და შემდეგ კიდევაც მოზელს ცომს. (მჭადს ოც-და-ოთხი ტელევერი (ძარღვი) აქვსო, იტყვიან ხოლმე, და ამიტომაც მუშისთვის მავნებელი, რომ არ დარჩეს, დიდ-ხანსა სზელენ ცომს).
მჭადის მოზელაში კეციც გახურდება;
– „არიქა! – იძახის სახლის დედა-კაცი;
– გადმომიდგით კეცი“!
გადმოუდგამენ ….
„არიქა! ფურცელი მომეხმარეთ!“
ყმაწვილები გარბიან გარეთ და იქავე ახლოს თხმელასი ან წაბლის და მუხის ხეებს შეართმევენ ფოთლებსა და მიურბენინებენ;
სანამდინ ცეცხლისგან გაწითლებული, გახურებული კეცი შენელდებოდეს. ფურცელს რა მიაწვდიან, უფროსი მანდილოსანი გადაფერთხავს კეცს, სულსაც შეუბერავს, მოაგორებს გობზე ცომს და დააკრავს ცხელს კეცზე.
– „არიქა ჟესტიო“ – იძახის და თავს ულამაზებს ცომსა და თან ფურცლავს (ფოთლებს ადებს ზემოდგან), ჟესტს გაათბობს ცეცხლზე, რომ ბორბალას (ობობას) ქსელი ან სხვა სიბინძურე არ მოჰკიდებოდეს ჟესტსაო და დაფურცლულს კეცს დადებს.
– „ბარი, ნიჩაბი, ან ყავარი ან რაცხა მომეხმარეთო“, – იძახის ოფლში შეპკურებული მანდილოსანი, ამასაც მალე მოუტანენ. იღებს მითი საუკეთესო მღვიერს (ნაღვერდალს), დააყრის ჟესტზე კეცს. თუ ცეცხლი შესაფერისი არ დაურჩა, მაშინ ბავშვებს უშვებს „პაწკა-პუწკას“ მოსატანად და სანამ ბიჭი მოვიდოდეს, თითონ სიმინდის ნაგულებს ეძებს სამზარეულოში და აყრის კეცზე, რომელიც ერთობ ადრე აცხობს მჭადს.
ამის შემდეგ გარბის კალათით ბაღჩაში სასადილო საჭმელისათვის და თან უმოწმებს ყმაწვილს, რომ „სამისაჭმელო წყალი მოარბენიე და შემიკიდე ჩალხანითო“.
რამდენიმე წამში მხალს ან ლობიოს შეჰკრეფს, გადაარჩევს სუფთად სათითაოდ და სწარაფადვე გადმორბის ბაღჩიდან და რამდენიმე-ჯერ გადარეცხის შემდეგ შეკიდულს ჩალხანაში ჩაჰყრის;
სანამდის ის ადუღდებოდეს და მოიხარშებოდეს, ის ხელმეორედ ბაღჩაში გარბის და სუნელებს: მაკიდოს, პრასას, ნიახურს, შაშტრამს, ნიორის ფურცელს და მისთანობას ჰკრეფს, გადმოარბენინებს, ჰყრის მარილთან ერთად ერთად სუნნელსა და ფილში ნაყავს, ნიგოზსაც ცალკე…
მხალის მოხარშვამდის ამასაც მოამზადებს;
რა მოიხარშება, გადმოდგამს, ცივს წყალს დაასხამს, გაანელებს და ხელ-გობაზე გადმოუშვებს.
– „არიქა“, იძახის მზარეული ქალი: – „მომეხმარეთ, ძმარი, ყარავო და საინებიცო (თეფში)“…
რა შეანელებს – გასწურავს მაგრათ ხელში და კურკუშ-კურკუშს მხალ-ლობიოს გაშლის, ძმარში გახსნის სუნნელს, ნიგოზს და დაასხმს მშრალს გაშლილ მხალ-ლობიოსა, შეუსვრის და შემდეგ „გასანახავს“ (გემოს) ნახავს და სხვასაც კი მიაწვდის: „გაინახულე, რავარია, მარილი, ან ძმარი, ყარავო არ აკლდესო“…
ამასობაში ჭურჭელსაც დარეცხს, მჭადსაც არეკს და ღინწკათი აფხეკს – ტალაქვებიდგან;
გასუთავებულ მჭადს საინზე დასდებს და აგზანის ოდაზე, თვითონ კი მოსაჭმელს არიგებს საინებზე და თან იძახის: „მიშველეთო, ღვინო და სასადილო წყალიო, თვარა აგერ მოსულია სასადილოთ მეყანულიო.“
ეს ამოდენა სასაქმო (სადილი) საათ-ნახევარში მოამზადა. იჩქარა რაც შეიძლებოდა; ისაქმა ხელით და ფეხით, და ენით ლაპარაკიც მოახმარა, რაც თითონ ვერ მოასწრო, იქ სხვისი შემწეობით საქმე სისრულეში მოიყვანა.
ბავშვებიც დიდად ჩქარობენ საქმეში, რომ სასადილო საქმეები არ დარჩენოდათ თავის დროზე გაუკეთებელი და თავის გაკვეთილებსაც კი, თუ თვაისუფალია, ყურადღებით ათვალიერებენ, რომ გაკვეთილები მოუმზადებელი არ დარჩენოდათ.
ამათ შემხედვარნი ბავშვები ჩქარნი როგორ არ იქნებიან და მხნე-ცოცხალნი ყოველისფერში!…
თუ ნადი ბევრი ჰყავთ ყანაში, მაშინ მჭადის მაგიერ ღომს ამზადებენ, რადგან ღომი უფრო პატივდებაშია მიღებული გურიაში.
აი ღომის დამზადებაც: ჩაყრიან ღომს საწყაოთი კარდალში (ქვაბში) და გარეცხენ, შემდეგ დაასხამენ წყალს სამ წილს ღომისას, შეჰკიდებენ ცეხლზე და ურევენ ლაფერათი (ხის პატარა ნიჩაბით), როდესაც ადუღდება ამოურებენ ლაფერათი, რა დაიშრობს წყალს, შემდეგ მოუწებავს თავსა, დაჰხურავს თავს ბაბილოს და ნელ ცეცხლზე აშუშებენ.
დაშუშებისას ჩამოდგამენ, დაზელენ ჩოგნით (გათლილი მოკლე ხის ჯოხი), დაარიგებენ საინებზე და მიაწვდიან საჭმელად (რომელიც მეტად გემრიელია).
ცივ ღომს გააფიცხებენ და ისე მიირთმევენ. გემრიელია ღომის ქერქიც (ნაფხეკი).
კ. გვარამაძე
ნახატი ანტონ გოგიაშვილისა – გურული ქალი სააღდგომო გოჭს წვავს ცეცხლზე (1904 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share